რა უნდა ვიცოდეთ "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ

გამოქვეყნდა:

ჩინური "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა. მაშინ ცოტა თუ იფიქრებდა, რომ სამი კვირის შემდეგ, 27 აპრილს, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაციის არმქონე ვაქცინის დოზები თბილისში 2-3 საათში, რეგიონებში კი ოდნავ მეტში ამოიწურებოდა.

"მთავარი არხის" ვებგვერდმა "სინოფარმის" ვაქცინასთან დაკავშირებით, უცხოურ მედიაში გავრცელებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიძია.

სად და როდის შეიქმნა "სინოფარმის" ვაქცინა

"სინოფარმის" ვაქცინა 2020 წლის დასაწყისში, ჩინეთში, პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების სახელმწიფო ინსტიტუტში შეიქმნა. მისი კლინიკური გამოცდა მთავრობის მფლობელობაში არსებულმა ფარმაცევტულმა კომპანია სინოფარმმა/Sinopharm დაიწყო.

Sinopharm-ის ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზაში 60 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, კვლევები კი ჩინეთისა და სხვა უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში ქვეყნდებოდა. ჩატარებული კვლევების თანახმად, კომპანიამ მალევე განაცხადა, რომ ვაქცინამ 79,34%-იანი ეფექტურობა აჩვენა. რის შემდეგაც, 2020 წლის დეკემბერში, ვაქცინამ მთავრობამ ავტორიზაცია მიიღო. 15 დეკემბრის შემდეგ, ჩინეთში, ვაქცინით მაღალი რისკჯგუფების წარმომადგენლების აცრა დაიწყო. 

"სინოფარმი" - ტრადიციული ტექნოლოგიის ვაქცინა

ინოვაციური ("ფაიზერი", "მოდერნა") და ვექტორული ("სპუტნიკ") ვაქცინებისგან განსხვავებით, "სინოფარმის" ვაქცინა, A ჰეპატიტის, გრიპის, ცოფისა და პოლიომიელიტის ვაქცინების მსგავსად, კლასიკური და ტრადიციული მეთოდითაა შექმნილი.

ეს მეთოდი ვაქცინების ინაქტივირებული ვირუსით დამზადებას გულისხმობს. ინაქტივირებული ვაქცინები, როგორც წესი, ისეთივე ძლიერ იმუნიტეტს არ უზრუნველყოფენ, როგორც ცოცხალი ვაქცინები.

"სინოფარმის" ვაქცინისთვის საჭიროა 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა, რაც მის ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას ბევრად მოსახერხებელს ხდის, რადგან მას არ სჭირდება მაღალი გამყინვარების მაცივრები.

გვერდითი მოვლენები

ჩინეთში ამბობენ, რომ გამოკვლეული 60 ათასზე მეტი ადამიანიდან ზოგს გვერდითი მოვლენებიც ჰქონდა, ცხელებისა და სხვა მოვლენების სახით. 

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ კი "სინოფარმის" პოტენციურ გვერდით მოვლენებს შორის დაასახელა: ნანემსრის ტკივილი და ქავილი, ტემპერატურის მატება და თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა და ალერგია, სახსრებისა და კუნთების ტკივილი და ძილიანობა. უწყების ცნობით, ეს სიმპტომები, უმეტეს შემთხვევაში, თავისით გაივლის და მკურნალობა არ სჭირდება. 

რომელი ქვეყნების მიერაა ავტორიზებული "სინოფარმის" ვაქცინა და რომელი ქვეყნები იყენებენ 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია "სინოფარმის" ვაქცინის დაჩქარებულ ავტორიზაციას, სავარაუდოდ, 29 აპრილს მიიღებს. სპეციალური განხილვა უკვე ჩანიშნულია.

"სინოფარმი" დამტკიცებულია ჩინეთში, ბაჰრეინსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. გადაუდებელი გამოყენებისთვის კი ის 43 ქვეყანაშია დაშვებული, მათ შორის: ეგვიპტეში, არგენტინაში, მაროკოში,ირანში, ერაყში, უნგრეთში, მალდივებზე, ვენესუელასა და ზიმბაბვეში. 

რა ღირს"სინოფარმი"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "სინოფარმის ფასი დაახლოებით 18-20 დოლარია. განმარტა, რომ ვაქცინების ფასები სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვაა და მსოფლიო ბაზარზე "ძალიან დიდი" დეფიციტია.

"ასტრაზენეკა" კოვაქსის საშუალებით ვიყიდეთ, სადაც ფასი ყოველთვის სხვა არის ჩვეულებრივ საბაზრო ფასთან შედარებით, თუ არ ვცდები, 4-5 დოლარის ფარგლებში გადავიხადეთ, "ფაიზერიც"
ასევე, კოვაქსის საშუალებით შემოვიდა არასაბაზრო ფასში, ვიყიდეთ 11-12 დოლარის ფარგლებში. ეს ჩინური ვაქცინა "სინოფარმი", რომელსაც ვყიდულობთ, უფრო ძვირია და სადღაც 18-20 დოლარის ფარგლებშია, - თქვა გამყრელიძემ მარტში.

რატომ იყიდა საქართველომ არაავტორიზებული ვაქცინა

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მიზეზი საჩუქრად გადმოცემული "სინოვაკის" ვაქცინებია: "ჩვენთან შემოდის "სინოფარმი", რომელიც იყიდა ქვეყანამ და "სინოვაკი", რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს, 100 000-100 000 დოზა".

ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის თქმით კი, ჩინურ ვაქცინას "მოსახლეობაში მაღალი ნდობა აქვს".

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მოსახლეობის მხრიდან ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა გაცილებით მაღალია, ვინაიდან, ის ტრადიციულ მეთოდზეა დამზადებული... ესეც გასათვალისწინებელია, - თქვა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია "სინოფარმთან" დაკავშირებით 29 აპრილს იმსჯელებს. სწორედ ამ დღეს გაირკვევა, მისცემს თუ არა WHO ავტორიზაციას ჩინურ ვაქცინას.

იხილეთ ასევე:

სარედაქციო ჩასწორება: ამ მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 7 მაისს, "სინოფარმის" ვაქცინამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი