
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წევრები, მათ ინიციატივას, 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, იზიარებენ.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, კომისიის შექმნისთვის აუცილებელია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში შევიდნენ.
"ადამიანები, რომლებიც შესაძლოა დამნაშავენი იყვნენ ჩვენი თანამოქალაქეების და მომიტინგეებისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებაში ან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და გასცეს უკანონო ბრძანება, მათზე არც ერთ შემთხვევაში არ გავრცელდება ამნისტიის კანონი.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ჩვენმა პარტნიორებმა გაიზიარეს ეს ინიციატივა, ამისთვის აუცილებელი იქნება, პარლამენტში შემოვიდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომ გავხდეთ 50 დეპუტატი, რომ შევძლოთ საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება",-თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დღეს 28 აპრილს, ოპოზიციის შეხვედრამდე "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ახალი ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.