
თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას "უცნობი" ამ დრომდე არ დაუჯარიმებია. მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ, 9 აპრილს რიყეზე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე, წარწერა "ღმერთი სიყვარული არს" დატოვა.
მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას ვანდალიზმი უწოდა და განაცხადა, რომ "უცნობს" 1 000 ლარით დააჯარიმებდა. თუმცა მომხდარიდან 20 დღის შემდეგაც, გიორგი გაჩეჩილაძისთვის ჯარიმა არავის გამოუწერია.
სამოქალაქო აქტივისტები ოცნების ხელისუფლებისგან შერჩევით სამართალზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია ჯარიმებს ოპერატიულად წერს.
"მე პირადად, ასფალტის მოხატვის გამო, 2000 ლარიანი ჯარიმა მაქვს დაწერილი, რაც აბსურდია. მაშინ, როდესაც პირმა პირდაპირ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა და ვანდალიზმი ჩაიდინა, დღემდე არ არის მის წინააღმდეგ გამოყენებული ის სანქცია, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული",- თქვა გიორგი მუმლაძემ.
დედაქალაქის მერიაში ირწმუნებიან, რომ უცნობს დააჯარიმებენ, თუმცა ამას გარკვეული, აუცილებელი პროცედურების გავლა სჭირდება. ამავე თემაზე: