დეკანოზი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას „წამების რეაბილიტაციის ცენტრის“ წარმომადგენლები ავრცელებენ.
გლდანის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხუთი ექსპერტი სწავლობდა. დადგინდა, რომ პატიმარი მღვდელი ნამდვილად ცუდად არის და მისი მხრიდან დაავადების სიმულაციას არ აქვს ადგილი.
ცენტრს „ემპათიას“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ დეკანოზისთვის საჭირო მკურნალობის გაწევა ციხის პირობებში შეუძლებელია.
დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად გაუარესებულია მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა. სასულიერო პირის დღეს ფსიქიატრმაც მოინახულა. სპეციალისტს ჯერ ოფიციალური დასკვნა არ დაუდია, თუმცა „მთავართან“ ადასტურებს, რომ პატიმარი მღვდლის ჯანმრთელობა ღუდუშაურის კლინიკიდან გადმოყვანის შემდეგ გაუარესებულია.
დეკანოზ გიორგი მამალაძის განმეორებითი ექსპერტიზა ოჯახის მოთხოვნით ჩატარდა. რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებელმა ექსპერტმა სკანდალური დასკვნა დადო, რომ თითქოს, მღვდლის მდგომარეობა გლდანის სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში დამაკმაყოფილებელია და პატიმარი სასულიერო პირის მხრიდან ადგილი სიმულაციას აქვს.
მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი ექსპერტები დეკანოზის ხელახალ ექსპერტიზას ატარებდნენ, საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ილია მეორეს სამდივნოს წერილის ძირითადი შინაარსი სწორედ იმ დასკვნას ეყრდნობა, რომლითაც დეკანოზს სიმულაციაში დებენ ბრალს. საპატრიარქოს პოზიციაც ანალოგიურია დეკანოზ შეწყალებაზე, იმიტომ არ უშუამდგომლეს, რომ პატიმრის დაცვის მხარე მის ჯანმრთელობაზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
საპატრიარქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის ავადმყოფობის არ სჯერა, პარალელურად კი, პატიმარი მღვდელი თითქმის ერთი წელია, მკურნალობას ციხის საავადმყოფოში გადის, თუკი სასულიერო პირი ჯანმრთელია, რატომ არ აბრუნებენ მატროსოვის ციხეში, უცნობია. 3 წელი ხდება, რაც დეკანოზი მამალაძე სასჯელს იხდის. პატიმრის ოჯახმა არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას შეწყალებისთვის, მაგრამ უარი მიიღო, მის თავისუფლებაზე უარს ამბობს საპატრიარქოც.