
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკრაინის რადას ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარე ეხმაურება.
დავით არახამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივა იყო, რადგან უკრაინაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების იმედი აქვთ. ამის შესახებ არახამიამ „მთავარ აქცენტებში“ ისაუბრა.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკმაოდ გავლენიან პოზიციაზე დაინიშნა.
პირველ დღეებში ხმებთან დაკავშირებული პრობლემები მართლაც იყო, მაგრამ ეს არ იყო დაკავშირებული სააკაშვილის მიუღებლობასთან, არამედ იმიტომ, რომ ეს მოულოდნელი სიახლე იყო და არ იყო საკმარისი დრო განხილვებისთვის. ერთი კვირის თავზე ეს პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრა... ეს შეთავაზება რეფორმების დაჩქარების კუთხით გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უპორტფელო ვიცეპრემიერის პოსტი, - ამბობს დავით არახამია.
„სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ქართული მხარის შეფასებებს აკრიტიკებს. არახამიასთვის საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა მიუღებელია და „ქართული ოცნების“ მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, ვინ რა თანამდებობაზე დაინიშნება.
შესაძლოა, მე მკვეთრად და არადიპლომატიურად გამოვხატე ჩემი აზრი იმ განცხადებებთან მიმართებით, რაც დაკავშირებული იყო მუქარასთან, დიპლომატიური ურთიერთიბების გაწყვეტის და ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით. ასეთი რიტორიკა მიუღებელია. ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლებები და თავად წყვეტს ვინ, სად და როდის დანიშნოს. ეს არასწორი რიტორიკა ჩემი აზრით ორი ფაქტორით იყო განპირობებული. პირველი, ერთი მხრივ, იმით, რომ ახლა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია, მეორე მხრივ, იმით, რომ ეშინიათ ამხელა მასშტაბის ფიგურით. ამრიგად, ეს იყო კომბინაცია შიშის და პოლიტიკური ამბიციების, - განაცხადა არახამიამ.
დავით არახამია არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სხვა თანამდებობაზეც დაინიშნოს.
ჩვენ პროფესიონალი რეფორმატორების სერიოზული დეფიციტი გვაქვს, ამიტომ, თუ სააკაშვილს ექნება კარგი შედეგები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ექნება, ნებისმიერი სცენარი რეალიურია, - ამბობს არახამია.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დღეს დაინიშნა.