ოკუპაციასთან ერთად, სუს-ის უფროსი გამოწვევად კრიტიკულ მედიას და სამოქალაქო სექტორს მიიჩნევს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, დღეს საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. სხდომა ახლა დახურულია, თუმცა მანამდე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში ლილუაშვილმა კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი გააკრიტიკა.

მან გამოწვევებად რუსული ოკუპაცია, დეზინფორმაციები და რუსი ოკუპანტების მიერ, უკანონო დაკავებები დაასახელა.

როგორც ლილუაშვილი ამბობს, 2020 წელს საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში საქართველოს 64 მოქალაქე დააკავეს, "თუმცა ეს სრულად არ ასახავს იმ ციფრს, რაც რეალურად მოხდა".

მისივე თქმით, მთავარი გამოწვევაა ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას გათავისუფლება, რომლებიც ცხინვალის საოკუპაციო ძალების უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან.

გრიგოლ ლილუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას სამოქალაქო აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან მათი პროტესტის გამოც გააკრიტიკა.

"შსს ახორციელებს უსაფრთხოების ბუფერის შექმნას, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა ექსცესები და პროვოკაციები, რასაც საკუთარი გაუაზრებელი თუ გააზრებული ქმედებებით ჩვენი თანამოქალაქეები იწვევენ. ის აქტივისტები, რომლებიც გაუაზრებლად, ხშირ შემთხვევაში გვიმატებენ მომატებულ რისკებს, გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე", - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, "უზარმაზარი რეპუტაციის" მქონე მედია და მესამე სექტორის წარმომადგენლები დეზინფორმაციებს ავრცელებენ და ცდილობენ, ძალოვანი უწყებების დისკრედიტაციას.

"საინფორმაციო დამაზიანებელი კამპანია ჩვენი სამსახურისა და ზოგადად სამართალდამცველი უწყებების მიმართულებით, რომლებსაც აქტიურად ემსახურებოდნენ, მასმედიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი. ვრცელდებოდა ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომელიც აშკარად ემსახურებოდა იმას, რომ ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაცია მომხდარიყო. ხდება ისე, რომ სამოქალაქო სექტორი ნებსით თუ უნებლიეთ გვევლინება არა ჩვენი ქვეყნის მოსურნე ძალების მხარეს, არამედ დამნაშავეების უაპელაციო დაცვის მხარეებად. რაც ხშირ შემთხვევაში აქეზებსა და სტიმულს აძლევს დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფუძვლად", - თქვა ლილუაშვილმა.

სუს-ის ხელმძღვანელის დღევანდელ ანგარიშს არ დასწრებია ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი