
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი "მთავარ აქცენტებში" ეხმაურება.
ამბობს, რომ უკრაინისთვის რეფორმები არათუ საჭირო, არამედ აუცილებელია, რადგან იქ არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწორი რეფორმების გატარება შეუძლიათ და ამ მიმართულებით ისეთივე წარმატებული გამოცდილება აქვთ, როგორიც სააკაშვილს.
როდესაც მე მივმართავდი პრეზიდენტ ზელენსკის რომ დაენიშნა სააკაშვილი პრემიერმინისტრად, ვხელმძღვანელობდი იმით, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს წარმატებული რეფორმების გამოცდილება, ამ თანამდებობაზე ყოფნით, უკრაინას შეუძლია სარგებელი მოუტანოს.
აქ ბევრი შეჩვეულია სისტემურ კორუფციას და სააკაშვილი მათთვის იქნება ყელში გაჩხერლი ძვალივით, რომელიც ხელს შეუშლის ქურდობაში, არსებობს ბევრი სხვადასხვა გავლენის სფერო და რა თქმა უნდა, ყველაფერი მარტივი არ არის, - ამბობს გორდონი.
ჟურნალისტი თავად მიხეილ სააკაშვილის ფრაზას იშველიებს და ამბობს, რომ სააკაშვილის თქმით, რეფორმები უნდა განხორციელდეს უახლოეს ნახევარ წელიწადში, სხვა შემთხვევაში დაგვიანებული იქნება.
სააკაშვილმა, პირველ რიგში, სასამართლო ხელისუფლების რეფორმა უნდა განახორციელოს, ანტიმონოპოლიურ კომიტეტთან მჭიდროდ ითანამშრომლოს და მონოპოლიები გააუქმოს, - ამბობს გორდონი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დღეს დაინიშნა.