დასაბუთების გარეშე გაზრდილი ანაზღაურება, პრემია-დანამატები, ხარჯების არამიზნობრივი ხარჯვა, უნებართვოდ გაფორმებული სამშენებლო ხელშეკრულებები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" 2018-19 წლების საქმიანობა შეისწავლა. 

დასკვნის მიხედვით, 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე, კომპანიის ყოფილი დირექტორის ანაზღაურება უსაფუძვლოდ გაიზარდა ჯამში − 109,021 ლარის ოდენობით.  

სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2,900 ლარის ოდენობით. კომპანიის დირექტორმა ბრძანებით, საკუთარი შრომის ანაზღაურება გაზარდა 7,500 ლარამდე. აღნიშნული ოდენობა ძალაში იყო სააგენტოს მიერ ახალი დირექტორის დანიშვნამდე, რომლის შრომის ანაზღაურებად ისევ 2,900 ლარი განისაზღვრა. დირექტორის ბრძანება შრომის ანაზღაურების 7,500 ლარამდე გაზრდის თაობაზე, გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რამდენადაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მიეკუთვნებოდა სააგენტოს კომპეტენციას- წერია დასკვნაში.

"2018-2019 წლებში კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების თანხობრივმა მოცულობამ შეადგინა 133,000 ლარი. ამასთანავე, VIP მომხმარებლებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ჯამმა შეადგინა 128,000 ლარი. კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების და VIP მომხმარებლების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დადგენა", - წერია დასკვნაში.
 

აუდიტი წერს, რომ კომპანიაში არ რეგულირდებოდა რეზერვუარებიდან საწვავის გაცემის მიზნობრიობა, ასევე, რეზერვუარებზე პასუხისმგებილი პირის დანიშვნის ბრძანებებში 2019 წლის 23 ივლისამდე არ იყო გაწერილი რეზერვუარიდან საწვავის გაცემის აღრიცხვის წესი.

  • ავტომანქანებსა და სპეცტექნიკაზე ლიმიტის გადაჭარბებით ხარჯვის ჯამურმა მოცულობამ 2018 წელს 19,709 ლიტრი შეადგინა, ხოლო 2019 წელს − 22,288 ლიტრი. 
  • საწვავი გახარჯულია კომპანიის სარგებლობაში არსებულ ისეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და სპეცტექნიკაზე, რომლებზეც ბრძანებით არ იყო დაშვებული საწვავის ლიმიტი. ასეთ საშუალებებზე 2018 წელს გაიხარჯა 7,663 ლიტრი საწვავი, ხოლო 2019 წელს − 27,740 ლიტრი.
  • საწვავის ხარჯის ლიმიტები ბრძანებებში დაშვებულია 19 ერთეულ თოვლსატკეპნზე, ხოლო საწვავის ხარჯი გაწეულია 23 ერთეულზე. იმის იდენტიფიცირება, თუ რომელი კურორტის თოვლსატკეპნი იყო გამოტოვებული, შეუძლებელია, რადგან ლიმიტების ბრძანებებში არ არის მითითებული კურორტი ან სპეცტექნიკის რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.

კომპანიის ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთებიდან, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა 159-ის  რეგისტრაციის საკითხი და გამოვლინდა 19 ნაკვეთი, რომელიც არ არის რეგისტრირებული კომპანიის საკუთრებად.

"კომპანიამ 2018-2019 წლებში 12 ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული 158,702,266 ლარის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები აწარმოა წინასწარი სამშენებლო ნებართვების გარეშე. აღნიშნულის საფუძველს, კომპანიის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდა მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების აუცილებლობა და მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები", - წერია დასკვნაში. 

"მთავარმა არხმა" სცადა ფაქტები "მთის კურორტების განვითარების" სააგენტოში გადაემოწმებინა, თუმცა კომპანიაში კითხვებისთვის ამ დრომდე არ უპასუხიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი