ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთში ნაპოვნმა პატარა ნამარხმა შესაძლოა ცხოველების ევოლუციურ ისტორიაში არსებული გამოტოვებული ფრაგმენტები ერთმანეთს დააკავშიროს.
დაახლოებით მილიარდი წლით დათარიღებული მიკრონამარხი ორი გამოკვეთილად განსხვავებული უჯრედის არსებობის მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს. ის, სავარაუდოდ, ეკუთვნის ცხოველს, რომელიც ერთუჯრედიანებსა და მრავალუჯრედიანებს სადღაც შუაშია. ეს ამ ტიპის ყველაზე ძველი აღმოჩენაა, რამაც შესაძლოა ცხოველური სიცოცხლის წარმოშობის შესახებ უფრო მეტი დეტალი გვიამბოს.
კომპლექსური მრავალუჯრედულობისა და ცხოველების წარმოშობა დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ისტორიის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ აღმოვაჩინეთ პრიმიტიული სფერული ორგანიზმი, რომელიც ორი გამოკვეთილი უჯრედული ტიპისგან შედგება. ეს კი პირველი ნაბიჯია მრავალუჯრედული სტრუქტურსა, რომელიც აქამდე, ნამარხების აღმოჩენის ისტორიაში არასდროს აღწერილა. - ამბობს პალეობიოლოგი ჩარლზ ველმანი შეფილდის უნივერსიტეტიდან.
მილიარდი წლის წინანდელ 30 მიკრომეტრის ზომის ნამარხს Bicellum brasieri დაარქვეს. ის იმდენად კარგად იყო შენახული რამდენიმე ნამარხში, რომ მისი სტრუქტურა მკვეთრად ჩანდა.
Bicellum brasieri.
მტკიცებულება, რომ დედამიწა 3,2 მილიარდი წლის წინათ ძალიან „სველი“ იყო და, ამის პარალელურად, აღმოჩენილია 3,5 მილიარდი წლის წინანდელი ნამარხები, მიუთითებს იმაზე, რომ მიკრობული სიცოცხლე ზღვაში დაიწყო. თუმცა, Bicellum-ის აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ პროცესში ტბებსაც დიდი წვლილი მიუძღვით.
ველმანის თქმით, ახალი ნამარხის აღმოჩენა იმის მტკიცებულებაა, რომ მრავალუჯრედიანი ცხოველების ევოლუცია, სულ მცირე, 1 მილიარდი წლის წინ დაიწყო და ამ პროცესის წინა მოვლენები ტბებში მოხდა და არა - ოკეანეებში.
მკვლევართა გუნდი იმედოვნებს, რომ შოტლანდიაში კიდევ უფრო მეტ ასეთ ნამარხს აღმოაჩენენ, რომლებიც სიცოცხლის შესახებ კიდევ უფრო საოცარ ისტორიებს მალავენ.