ახალი კვლევის მიხედვით, მარსის ზედაპირის ქვეშ სიცოცხლისთვის საჭირო პირობებია

გამოქვეყნდა:

მაშინ, როცა NASA-ს მარსმავალი "პერსევერანსი" წითელი პლანეტის ზედაპირზე უძველესი სიცოცხლის ძიების პროცესშია, ახალი კვლევის თანახმად, მარსის ზედაპირქვეშეთი ამჟამინდელი სიცოცხლის არსებობისთვის შესაძლოა საკმაოდ კარგი ადგილი იყო.

ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მარსზე არსებული მეტეორიტების ქიმიური შედგენილობაა შესწავლილი. ეს მეტეორები ოდესღაც მარსის ზედაპირიდან გამოიტყორცნა და, საბოლოოდ, დედამიწაზე მოხვდა. ანალიზის თანახმად, ამ ქვებს წყალთან საკმარისი კონტაქტი რომ ჰქონოდათ, წარმოიქმნებოდა საჭირო ქიმიური ენერგია ისეთი მიკრობული სიცოცხლისა, როგორიც დედამიწის ბნელ სიღრმეებში არსებობს. ამ კვლევიდან გამომდინარე, მარსის ზედაპირქვეშეთი შესაძლოა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ადგილი დღესაც იყოს.

ბოლო ათწლეულებში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწის სიღრმეებში უზარმაზარი ბიომი არსებობს, რომელიც ზედა სამყაროსგან სრულად იზოლირებულია. მზის შუქის არარსებობის მიუხედავად, აქ მცხოვრები არსებების გადარჩენის ერთადერთი წყარო ქვების წყალთან კონტაქტისას გაჩენილი ქიმიური რეაქციებია.

ერთ-ერთი ასეთი რეაქცია რადიოლიზია. ეს მაშინ ხდება, როდესაც ქვებში არსებული რადიოაქტიური ელემენტები ნაპრალებში ჩაჭერილ წყალთან შედის რეაქციაში. ეს რეაქცია წყლის მოლეკულებს შემადგენელ ნაწილებად, წყალბადად და ჟანგბადად შლის. გამოთავისუფლებული წყალბადი დარჩენილ მიწისქვეშა წყალში იშლება, ხოლო მინერალები (მაგალითად, პირიტი - გოგირდისა და რკინის ნაერთი) თავისუფალ ჟანგბადს იწოვს და შედეგად სულფატების მინერალები წარმოიქმნება. მიკრობები გახსნილ წყალბადს საწვავ ენერგიად მოიხმარენ, ხოლო სულფატებში შენახულ ჟანგბადს - ამ საწვავის „დასაწვავად“.

მკვლევრები სწორედ რადიოლიზისთვის საჭირო ინგრედიენტებს ეძებდნენ: რადიოაქტიურ ელემენტებს -  თორიუმს, ურანიუმს და კალიუმს. ასევე სულფიდების მინერალებს, რომლებიც სულფატებად გარდაიქმნება. კვლევამ დაადგინა, რომ მარსული მეტეორიტების რამდენიმე განსხვავებულ ტიპში ყველა საჭირო ინგრედიენტი საკმარისია იმისათვის, რომ დედამიწის მსგავსი ჰაბიტატების არსებობა შესაძლებელი იყოს. მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენები სამომავლო მარსის პროგრამებს ამჟამინდელი სიცოცხლის ძიებაში დაეხმარება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი