საყოველთაო პანდემიის მიუხედავად, ევროპელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებისგან რვა მარტის შეთანხმების შესრულების მოლოდინში არიან. დასავლეთიდან კრიტიკული წერილების ახალი ტალღა დაიწყო.
საყოველთაო პანდემიის პირობებში ევროპარლამენტარის წერილს, ქართველი ოპოზიციონერები იმ გარემოებით ხსნიან, რომ საქართველოს პარტნიორები ქვეყანაში არსებული ვითარებით შეშფოთებულები არიან.
თუ ხელისუფლება უარს იტყვის ამ შეთანხმების შესრულებაზე, ამით ჩიხში შეიყვანს საკუთარი ურთიერთობების მომავალს, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
გარდა ამისა, ოპოზიცია ამბობს, რომ ახლა როცა ქვეყანას დასავლური დახმარება ძალიან სჭირდება, მათთვის მიცემული შეთანხმება არ უნდა დაირღვეს.
ეს განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ ოცნებამ იცოდეს რომ კორონავირუსს ვერ ამოეფარება და შეთანხმება უნდა შესრულდეს. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, საკონსტიტუციო ცვლილება უნდა მივიღოთ, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ევროპარლამენტარის წერილს საქართველოს ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. კომენტარის გაკეთება ამ თემაზე დღეს არც საგარეო საქმეთა მინისტრმა ისურვა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მარკუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საგანგებო წერილი გამოუგზავნა. ევროპელი დეპუტატი, მხარს უჭერს საქართველოში მრავლაპარტიული პარლამენტის შექმნას და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქვამს.