"ლელოს" ინიციატივას, 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება.
როგორც "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე განმარტავს, ის საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას მომავალში, მას შემდეგ ხედავს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს და პარტია პარლამენტში შევა.
მისი თქმით, მანამდე კომისიის შექმნისთვის პარლამენტში ოპოზიციას საკმარისი რაოდენობა არ ჰყავს.
"საგამოძიებო კომისია მართლაც არ არის შეთანხმების ნაწილი. მე საგამოძიებო კომისიის შესაძლებლობას მომავალში ვხედავ, როცა ამნისტიის კანონი იქნება მიღებული, როდესაც ნიკა მელია იქნება თავისუფალი, როცა ნაციონალური მოძრაობა მიიღებს გადაწყვეტილებას, შემოუერთდება ხელშეკრულებას და იქნება პარლამენტში. ამის შემდეგ შესაძლებელია, ვიმსჯელოთ და ეს იქნება, რა თქმა უნდა, მსჯელობის და ჩვენი გადასაწყვეტი.
ამ ეტაპზე, დღეს რთულია ამაზე საუბარი, რადგან ჯერ ერთი, ხელშეკრულები ნაწილი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას პარლამენტში ოპოზიციური პარტიების კონკრეტული რაოდენობა სჭირდება, რაც ჯერჯერობით არ არის. ამიტომ, უნდა დაველოდოთ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას",-თქვა ხათუნა სამნიძე.
რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი კანონპროექტის მიღებას შეგნებულად აჭიანურებს, რათა საბოლოო ჯამში მათი ვერსია გავიდეს.
საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსიაა დარეგისტრირებული. უქმე დღეების გამო, კანონპროექტზე მსჯელობა გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს პარლამენტი კანონპროექტს.