გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით დაიწყო - გარეჯში მომხდარი თავდასხმის საქმე

გამოქვეყნდა:

გარეჯში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გვიან ღამემდე გაგრძელდა "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფისა და კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის გამოკითხვა საგარეჯოს პოლიციაში. თავდამსხმელები - არც სასულიერო პირები და არც უბრალო მოქალაქეები გამოკითხვაზე გუშინ არ მიუყვანიათ. 

"არ ვიცი რატომ გადაწყვიტა საქმის პროკურორმა, რომ შესაძლოა ჟურნალისტს ეს შეასაღოს როგორც ძალადობა თუ შეურაცხყოფა მხოლოდ ბატონი ივერის მიმართ. ჩვენ მუშა პროცესში ვიყავით, ვწერდით ბატონ ივერთან ინტერვიუს, ამ დროს მოვიდა პირი და ამ ჩანაწერში პირდაპირ ისმის, რომ მე ადამიანს ვთხოვთ, რომ დაგვასრულებინონ მუშაობა, ამის შემდეგ მზად ვართ გავესაუბროთ, ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ამის უფლება მათ არ აქვთ", - ამბობს "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნინუცა კაკელია. 

მისივე განმარტებით, დაკითხვის დროს პროკურორი ყველანაირად ცდილობდა, რომ ჩვენებაში არ მოხვედრილიყო ის ნაწილი, სადაც ხსნიდა, რომ თავდამსხმელებმა მათ მიმართ აგრესია გამოხატეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს, რადგან ისინი "მთავარი არხის" ჟურნალისტები იყვნენ.

ივერი მელაშვილის განმარტებით, ძირითადად ის ადამიანები "შეცდომილები არიან", ანუ ისინი, ვინც პროვოკაციური განცხადებებით მოატყუეს, თითქოს კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები სამშობლოს მიწებს ყიდდნენ.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებას იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ.

გამოძიება ძალადობის კვალიფიკაციით დაიწყო, თუმცა უცნობია რატომ არ დაიწყო უწყებამ ძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი