
მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ გარკვეული ხინჯი შეიტანა ორმხრივ ურთიოერთობებში – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
ვოლსკი პარტნიორ ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას კრიტიკულად აფასებს და ოფიციალური თბილისის მიერ ელჩის გამოწვევას ამართლებს.
მიუხედავად იმისა, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას, მაინც თუნდაც ამ არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნით გარკვეული ხინჯი შეიტანა, რასაკვირველია, ორმხრივ ურთიერთობაში, – ამბობს ვოლსკი.
გიორგი ვოლსკის თქმით, ელჩის გამოწვევა დიპლომატიური დემარშის ნიშანია და საქართველოში იმსჯელებენ, თუ რამ გამოიწვია უკრაინაში სააკაშვილის დაწინაურება.
ეს გამოწვევა გარდა იმისა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური დემარში დიპლომატიურ სისტემაში, ამასთანავე დეტალურად განხილვის საშუალებას იძლევა, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუციელებელი ყოფილი პრეზიდენტისთვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ის არის კონკრეტულ დანაშაულებებში სასამართლოს მიერ ბრალდებული, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გუშინ დაინიშნა.