"ქვეყანაში არიან არაფორმალური პირები, თუნდაც ფორმალური, რომლებიც ცდილობენ თავად განსაზღვრონ ვინ სად უნდა გადაადგილდეს და ვინ რა უნდა გააკეთოს" - ასეთი შთაბეჭდილება დარჩათ მედიაექსპერტებს გუშინ, 4 მაისს, გარეჯში ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, როდესაც "მთავარი არხის'' გადამღებ ჯგუფზე იძალადეს, რესპონდენტს ივერი მელაშვილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ქვეყნის მოღალატე უწოდეს და აგინეს.
ინციდენტი სასულიერო პირების მხრიდან ძალადობით დაიწყო, მოგვიანებით კი მოვლენებში მოსახლეობა ჩაერთო და გადამღებ ჯგუფს გზა გადაუკეტა. შემთხვევას ადგილზე ძალოვანი უწყების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს წააქეზოს საზოგადოების სხვა წევრები მედიის წინააღმდეგ, მსგავი ფაქტებით კი მმართველ გუნდს ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს.
საქმის სწორი კვალიფიკაცია, დროული გამოძიება და გამოძიების ბოლომდე მიყვანა. ამის აუცილებლობაზე იურისტები საუბრობენ. მათი შეფასებით, ახლა მთავარია გამოძიება არა მარტო ძალადობის, არამედ ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზეც დაიწყოს. მათი შეფასებით, მორიგი თავდასხმა ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე, ხელისუფლების აგრესიული რიტორიკისა და წახალისებული ძალადობის შედეგია.
ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას კრტიკული მედიის წარმომადგენლებიც. მათი შეფასებით მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა აშკარაა, არც ამ ფაქტს გამოიძიებს "ქართული ოცნება", რადგან მსგავსი ფაქტები აქამდე არ არის გამოძიებული და ყოველ ჯერზე მმართველი გუნდი პროვოკაციის მოწყობაში ან ოპონენტებს ან კრტიკულ მედიას ადანაშალებს.
იხილეთ ასევე: