ნახევარმილიონ ლარზე მეტი ახალციხის ბიუჯეტიდან მერის ოჯახს - კორუფციული სქემა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაშიფრა.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, რეგიონში გამოცხადებული ტენდერების სრული უმრავლესობა ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის ძმის კომპანიის გამარჯვებით სრულდება.
კორუფციული ტენდერებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ დაინტერესდა, თუმცა ახალციხის მერი, ისევ საკუთარ თანამდებობაზეა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. მისი თქმით, საქმე აღძრულია, თუმცა, მერი თანამდებობას მაინც ინარჩუნებს.
სუს–მა საქმე აღძრა და რეალურად, ეს საქმე ადგილიდან ვერ დაიძრა და მეტიც, ახლა ვიყურებთ, რომ ასეთი ფორმით ტენდერები, უკონკურენტო ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის ფორმით გრძერლდება, ისევ გრძელდება გამარტივებული შესყიდვები და ისევ ოჯახის წევრები იღებენ საჯარო ფულს, - ამბობს ზვიად ქორიძე.
ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ახალციხის მერის კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უწყებები საქმის კურსში არიან, თუმცა ის გავლენების გამო ხელშეუხებელია.
ენმ-ის წევრი, დავით ახალკაცი შერჩევით სამართალზე საუბრობს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ხელშეუხებლები არიან და ამის ერთ-ერთ მაგალითად ენზელ მკოიანის საქმე მოჰყავს, როდესაც ქალაქის ცენტრში სროლაში მონაწილე მაღალჩინოსანი დღეს თავისუფალია.