
კრიტიკის ახალი ტალღა ევროპიდან, რომელიც ქართული ოცნებისთვის კიდევ ერთი, არადიპლომატიური ნაბიჯის მიზეზი ხდება - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების კიდევ ერთხელ მოტყუება ძვირი დაუჯდება, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა მათივე შუამავლობით მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებას უახლოეს მომავალში ელოდება.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად იმისა რას აცხადებს ქართული ოცნება, პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლონ. თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ამ შეთანხმების შესრულებაზე, ამით ჩიხში შეიყვანს ურთიერთობების მომავალს, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი.
„ევროპულ საქართველოში“ კი მიიჩნევენ, რომ „ოცნება“, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, ქვეყნის მთავარ საერთაშორისო პარტნიორებსაც ატყუებს.
ამ ტყუილს „ქართული ოცნებისთვის“ უმძიმესი ფასი ექნება, ეს დააზიანებს ქვეყანასაც და ქვეყანაში პოლიტიკურ გარემოსაც. ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, იმოქმედოს რვა მარტის შეთანხმების შესასრულებლად, - ამბობს დავით ბაქრაძე.
ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი საქართველოს“ ლიდერიც. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ პროცესის გახანგრძლივებით, ხელისუფლება, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს.
ჭკვიანი ხელისუფლება მაქსიმალურად სწრაფად შეასრულებდა ამ ვალდებულებებს, რომ კიდევ ერთხელ არ გაუტყდეთ სახელი საერთაშორისო თანამეგობრობასა და საკუთარ მოსახლეობაში, - განაცხადა ბურჯანაძემ.
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერიც თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების შესრულებისგან თავის დაძვრენა კორონავირუსის პანდემიის მომიზეზებით, არ უნდა სცადოს.
თუ ოცნებას ჰგონია რომ კორონავირუსმა ჩვენი მეხსიერება დააზიანა, ან კორონავირუსის გამო ვინმე ვეღარ მოიცლის საქართველოსთვის, კუბილიუსის განცხადება მათთვის შეხსენებაა. ეს ასე არ იქნება - რვა მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ის ხელისუფლების შესასრულებელია, - აცხადებს უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მარკუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საგანგებო წერილი გამოუგზავნა. ევროპელი დეპუტატი, მხარს უჭერს საქართველოში მრავლაპარტიული პარლამენტის შექმნას და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქვამს.