ახალციხეში ტენდერებს ისევ მერის ოჯახის კუთვნილი კომპანიები იგებენ. ბაზარზე უკონკურენტო და უპირობო ლიდერია ზაზა მელიქიძის ძმის, თამაზ მელიქიძის, სამშენებლო კომპანია.
მელიქიძის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, შპს "ნუკიამ", სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი მიიღო და მისი შემსყიდველები სამცხე-ჯავახეთის საჯარო დაწესებულებები და სკოლები არიან. სავარაუდო კორუფციულ დანაშაულში მხილებული მერი „მთავარი არხის“ კამერას დაემალა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გაარკვია, რომ იმ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც გამარჯვებული კომპანია უნდა გამოავლინოს, თავად მერია და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ის არის ინიციატორი, რომ ძმის კოპმანიის კონკურენტების დისკვალიფიკაცია მოხდეს. ძმის გარდა, ტენდერებში უკონკურენტოდ მერის რძალიც იმარჯვებს.
ზაზა მელიქიძე, რომელსაც დანაშუალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება, ისევ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანია. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დამნაშავე მერს გავლენების გამო არ აპატიმრებენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს კიდევ ერთხელ მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ბოლო კვლევის შედეგებიც გადაუგზავნა. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, დაერთვება თუ არა ეს ფაქტები სისხლის სამართლის ძირითად საქმეს.