
დღეს, 6 მაისს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას საპატიმროში პარტიის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბოტკოველი მოინახულებს. იგი პარტიის თავმჯდომარესთან შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობასა და პარტიის სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს. კიდევ ერთი განსახილველი თემა 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტიც იქნება, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არ ეთანხმება.
"ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ჩვენ თავმჯდომარესთან ერთად უნდა გავიაროთ. ზოგადად ნაციონალური მოძრაობის ხვალინდელ დღეს და სამოქმედო გეგმას შეეხება ჩვენი შეხვედრა ნიკა მელიასთან. ეს დოკუმენტი, რომელიც ეხლა არის შედგენილი და რომელიც "ქართულმა ოცნებამ" უნდა დააინიციროს არა ნიკა მელიას გათავისუფლებას და კრიზისის განმუხტვას ემსახურება, ეს ემსახურება ნიკა მელიას ციხეში დატოვებას. ჩვენ გავივლით ყველა იმ საკითხს თუ რა იქნება ჩვენი პოლიტიკური მოძრაობისთვის და ნიკა მელიას თავისუფლებისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი", - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
ბოლო დღეების განმავლობაში ნიკა მელია სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებსაც შეხვდა. საუბრის თავარი თემა მათთანაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მისი გადაწყვეტის გზები იყო.