ევროპარლამენტარ მარკუს კუბილიუსის მიმართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილს პოლიტოლოგები თავდასხმად აფასებენ. GRASS-ის დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი მმართველი გუნდის წევრებს პოლიტპატიმრების საკითხზე ევროპარლამენტარის რჩევის გათვალისწინებას ურჩევს.
თუკი საბოლოოდ მართლა იქით წავა საქმე, რომ ასე ღიად დაირღვევა შეთანხმება ისევე, როგორც თავის დროზე დაპირება დაირღვა პროპორციული არჩევნების შესახებ ივანიშვილის მხრიდან, მაშინ პირველ ეტაპზე უნდა ველოდოთ ზეწოლის გაძლიერებას, - ამბობს გაფრინდაშვილი.
ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ რვა მარტის ხელშეკრულების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ეროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე ხაზს უსვამს, რომ კუბილიუსის განცხადება იმის მაჩვენებელია, რომ ევროკავშირს საქართველო პანდემიის ფონზე კვლავ ახსოვს.
ეს არის კიდევ ერთხელ იმის შეხსენება, რომ ევროკავშირს საქართველო არ დავიწყებია მიუხედავად პანდემისაა და ბრიუსელი არ მისცემს საშუალებას საქართველოს ხელისუფლებას, რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს. კუბილიუსი არ იცავს თავის პოლიტიკურ პარტნიორებს, არამედ იცავს ქართულ დემოკრატიას, - ამბობს რუხაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მარკუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საგანგებო წერილი გამოუგზავნა. ევროპელი დეპუტატი, მხარს უჭერს საქართველოში მრავლაპარტიული პარლამენტის შექმნას და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქვამს.