მელიას დაკავების გამო, საერთაშორისო კრიტიკის დროს, "ოცნებამ" ანტიდასავლურ რიტორიკას მიმართა - ISFED და MDF
გამოქვეყნდა:
სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED] მედია განვითარების ფონდთან [MDF] ერთან, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შესახებ კვლევას ავრცელებს.
კვლევის თანახმად, ნიკა მელიას დაკავებამ საქართველოში ანტიდასავლური გზავნილები გაახშირა.
"MDF-ის მედია მონიტორინგმა აჩვენა, რომ მელიას დაკავების კონტექსტში ხელისუფლების და ქართული ოცნების წარმომადგენლების, მათი მხარდამჭერების, ასევე კრემლისტური და ანტილიბერალური ჯგუფების მიერ გავრცელებული ანტი-დასავლური გზავნილები მეტწილად ემთხვეოდა ერთმანეთს", - ვკითხულობთ ანგარიშში.
კვლევის მთავარი მიგნებებია:
მელიას დაკავებასთან დაკავშირებით დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებებს მთავრობის წარმომადგენლების, ქართული ოცნების და მათი მხარდამჭერების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა, რაც იმავე პერიოდში, კრემლისტური და ანტილიბერალური აქტორების განცხადებებთან გარკვეულწილად თანხვედრაში იყო.
სოციალურ და ტრადიციულ მედიაში სამი საკნვაძო ანტიდასავლური გზავნილი დომინირებდა:
აშშ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა ტერორიზმის მაგალითია და, მოგვიანებით, სამართლდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავებები მოჰყვა, ხოლო საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობის გამო დაკავებები ოპოზიციის დევნად მიიჩნევა;
მთავრობის დასავლელი კრიტიკოსები მიკერძოებულნი არიან / მხარს უჭერენ ენმ-ს.
ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი და საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა პოლიტიკურად მიკერძოებულნი არიან;
ანტი-დასავლური ნარატივები აისახა ფეისბუქზეც. კრემლისტურმა და პრო-სახელისუფლებო ანონიმურმა გვერდებმა „ორმაგი სტანდარტის“ გზავნილზე მოახდინეს კაპიტალიზაცია და მელიას დაკავება კაპიტოლიუმთან დაკავშირებულ მოვლენებს შეადარეს.
გარდა ანტი-დასავლური ნარატივებისა, პრო-სახელისუფლებო და ქართული ოცნების მხარდამჭერმა ანონიმურმა გვერდებმა მელიას დაკავება „კანონის უზენაესობის“ და „სამართლებრივი სახელმწიფოს“ დაცვის კონტექსტში წარმოაჩინეს.
მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო მანიპულაციაში ჩართული ფეისბუქ ანგარიშები, როგორიცაა ფეისბუქ ჯგუფები, ანონიმური გვერდები და პირადი პროფილები, მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ. ქართული ოცნების მადისკრედიტირებელმა და ოპოზიციის მხარდამჭერმა გვერდებმა 16-28 თებერვლის პერიოდში 30%-ით მეტი პოსტი გამოაქვეყნეს, ვიდრე 1-15 თებერვლის პერიოდში. მეორე მხრივ, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და ქართული ოცნების მხარდამჭერი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა სულ მცირედით შეიცვალა — ის იმავე პერიოდში 3%-ით შემცირდა.
მართალია, ქართული ოცნების ინტერესებში მოქმედი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, 16-28 თებერვალს, წინა ორ კვირასთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა მათი ინტერაქციების რაოდენობა.
ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდებისგან განსხვავებით, ოპოზიციის მხარდამჭერ გვერდებზე უფრო მცირე მასშტაბის კამპანია შეინიშნებოდა. ოპოზიციის მხარდამჭერი გვერდების მიერ ყველაზე ხშირად გავრცელებული გზავნილი იყო ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ქუჩის პროტესტისკენ მოწოდება და პარტიის მხარდამჭერების მობილიზაციის მცდელობა.
ფეისბუქზე მოსაზრებების მობილიზაციაში, ანონიმური გვერდების გარდა, არაავთენტური/ყალბი ანგარიშებიც იყო ჩართული. ყალბი ანგარიშების მიერ დაწერილი კომენტარები ემთხვეოდა ქართული ოცნების მხარდამჭერი და ოპოზიციის მოწინააღმდეგე გვერდების, ისევე, როგორც ქართული ოცნების წევრების და სხვა პრო-სახელისუფლებო აქტორების გზავნილებს.
"ამ ჯგუფებმა გამოიყენეს კრიზისი აშშ-სა და ევროკავშირზე თავდასასხმელად, რათ გაეძლიერებინათ ძველი ანტი-დასავლური ნარატივი იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი და ბრუსელი საქართველოში პროცესებს წარმართავს. მელიას დაკავების შემდეგ, გააქტიურდნენ როგორც ხელისუფლების და ქართული ოცნების მხარდამჭერი, ასევე, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდები... ანონიმური პრო-ოპოზიციური გვერდები, ასევე, გააქტიურდა, მაგრამ მათი პოსტების რაოდენობა პრო-სახელისუფლებო გვერდებთან შედარებით ნაკლები იყო, ხოლო მათ მადისკრედიტირებელ პოსტებს კოორდინირებული ხასიათი, განსხვავებით პრო-სახელისუფლებო და ანტი-ოპოზიციური გვერდებისგან, არ გააჩნდათ", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ISFED და MDF დასკვნის სახით აღნიშნავენ, რომ დასავლეთის მხრიდან მთავრობის კრიტიკის პასუხად, "ქართული ოცნების" წევრებმა ანტიდასავლურ რიტორიკას მიმართეს და დასავლელი პარტნიორები მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს.