
პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოძახებასთან დაკავშირებით, უკრაინის "ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან" დაცვის მოტივით ხსნის. განცხადება გიორგი გახარიამ ვაკის პარკში გააკეთა, სადაც ცხრა მაისთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იმყოფებოდა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ, ან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ან სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ელჩს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გამოვიწვევთ, რომ კონსულტაციები გავიაროთ იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები იმ ავანტიურისტებისგან, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ სტრატეგიული ურთიერთობები და ძმური ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან ამ ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი თბილისში დაიბარა. ეს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოჰყვა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.