
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, მან საქმიანობა პარლამენტში უნდა გააგრძელოს.
კუჭავა აღნიშნავს, რომ ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარი არ არის და ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა მხოლოდ სამართლებრივ საკითხზე მიუთითებს.
"ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ პოლარიზებამ და დაძაბულობამ დაიკლოს, ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ და გააგრძელოს ის საქმიანობა , რომელიც მათ მანდატებს ეკადრება, რომელიც მათ მიანიჭეს მოსახლეობამ. ამიტომ ევროკავშირის სურვილი შარლ მიშელის დოკუმენტი, ამ პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის და მათ შორის ნიკა მელიასთვის, რომელიც, როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი ჩემი აზრით და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც ელოდებიან ევროპელები მათგან.
რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკური პატიმარი და პირველ რიგში, თვითონ ის ფაქტი, რაც მოხდა მიუთითებს იმ ძალიან მარტივ სამართლებრივ საკითხზე, რასაც ჰქვია გირაოს გადახდა, თუ გინდა, რომ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდე. ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ ჯერ ვერავისზე ვიტყვით, ვინმე არის თუ არა დამნაშავე. საუბარია გირაოზე, ხოლო გირაო დადგა იმ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, რაც განხორციელდა საჯაროდ, საზოგადოების წინაშე, პირდაპირ ეთერებში და ამან გამოიწვია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება",-თქვა მან.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 მაისს ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.