თბილისში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ყაზახი გოგონას მშობლები, ამ წუთებში საქართველოში მოფრინავენ.
როგორც აისელ აიტპაევას დედამ გამოფრენამდე "მთავარ არხს" უთხრა, არ სჯერა შვილის თვითმკვლელობის ვერსიის. მისივე თქმით, ის და მისი მეუღლე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, საქმის მასალებს გაეცნობიან, შემდეგ ექსპერტიზის ბიუროში წავლენ გვამის ამოცნობაზე, შემდეგ კი შვილის ცხედარს ყაზახეთში გადაასვენებენ.
"ახლა აეროპორტში ვარ, რეგისტრაციას გავდივარ იმისთვის, რომ ჩამოვფრინდე. დედამ რა უნდა ქნას, როდესაც შვილს უკლავენ, არ მჯერა იმის, რომ ჩემი შვილი თავს მოიკლავდა, ალბათ აიძულეს. ის არ არის ისეთი ადამიანი, რომ ასე მოქცეულიყო. მოვფრინავ მეუღლესთან ერთად. ჩამოსვლის შემდეგ ყაზახეთის საკონსულოში მივალთ. შემდეგ საქმის მასალებს გავეცნობით და გვამის ამოსაცნობად წავალთ", - ამბობს გარდაცვლილი ყაზახი გოგონას დედა.
ოჯახის ვერსიით, ბრალდებულმა მამაკაცმა, რომელიც დაკავებულია, აისელ აიტპაევა მოკლა და კვალის დამალვის მიზნით, ფანჯრიდან გადააგდო.
ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოში ჩამოსულია ყაზახური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც.
როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა 26 წლის ყაზახი გოგო - რეპორტაჟი ვრცლად