დიპლომატიური დემარში რომელმაც უკვე დააზიანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა - ასე აფასებს ქართული ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომლებიც დღეს დილიდან ეხმაურებიან უკრაინიდან ელჩის გამოწვევის საკითხს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, მაშინ როდესაც "ოცნების" ხელისუფლებას არასდროს დაუფიქსირებია მხარდაჭერა უკრაინისთვის, დიპლომატიური დემარში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, ვიწროპოლიტიკური ინტერესია.
რასაც ახლა "ოცნება" აკეთებს, სამარცხვინოა, იმიტომ რომ მთელი ამ წლების მანძილზე, უკრაინას არ ჰქონია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისგან არანაირი მხარდაჭერა... ყირიმის ოკუპაციის მერე სანქციებს რუსების შიშით მათ არ დაუჭირეს მხარი, მეორე - ღარიბაშვილის განცხადება, როდესაც შეშფოთება გამოთქვა უკრაინისთვის დასავლეთიდან სამხედრო დახმარების თაობაზე და კახა კალაძის განცხადებას, როდესაც ღირსების რევოლუციას გამოეხმაურა, როგორც კრიზისი, - ამბობს დეკანოიძე.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ელჩის გამოწვევამ ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობა უკვე დააზიანა და "ოცნებამ" უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს.
უნდა გააცნობიეროს საქართველოს ხელისუფლებამ რომ უკრაინა და საქართველო განიხილებიან როგორც ერთი მთლიანობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ნუ აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიწროპოლიტიკური ბოღმის გამო, - ამბობს ოთო კახიძე.
უკრაინიდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. დღეს ინფორმაცია პრემიერმინისტრმაც დაადასტურა. ვაკის პარკში მისულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პროტესტი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო. "ქართული ოცნება" უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კრახს და ქვეყნიდან მის გამოძევებას ელოდება.