
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ ძალადობრივმა ქმედებებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო. ოგანიზაცია ამბობს, რომ დღემდე სასულიერო პირებს ჩადენილი ძალადობის გამო პასუხი არცერთ შემთხვევაში არ უგიათ.
TDI აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე. მათივე თქმით, ხელისუფლება თვალს ხუჭავს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლის ფაქტებზე.
"მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს 7 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი; ასევე, 4 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მთავარი არხის ჯგუფზე ძალადობის შემთხვევა.
მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება", - წერს TDI.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა - მეუფე ანტონმა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუქარით აუკრძალა მის ეპარქიაში გადაადგილება, ბოლოს კი ფიზიკურად დაუპირისპირდა.
მანამდე, "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს და ჟურნალისტ ნინუცა კაკელიას თავს დაესხნენ დავით გარეჯში, სადაც კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის გადაღება მიმდინარეობდა.