ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში წმენდა დაიწყო - უწყების საკვანძო პოსტებზე მინისტრი უახლოესი გარემოცვის, ეგრეთ წოდებული კახური კლანის წევრებს ნიშნავს. უკვე ორი კვირაა, პატაკების დაწერას სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს აიძულებენ.
წმენდა სამხედრო პოლიციიდან დაიწყო, ეს დეპარტამენტი აკონტროლებს თავდაცვის სამინსიტროს ყველა ქვედანაყოფის მუშაობას. „მთავარ არხს“ დეპარტამენტის უკვე ყოფილი თანამშრომლები დაუკავშირდნენ და თავად მიწერეს თაღლითური სქემა, რომლითაც ისინი სამსახურიდან გაუშვეს. მიმოწერაში სამხედროები ამტკიცებენ, რომ ხელმძღვანელობამ პატაკი წასვლაზე მოტყუებით დააწერინა და უთხრა, რომ ეს ფორმალობა იყო, შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ გათავისუფლებულები არიან.
„მთავარმა არხმა“ თავდაცვის სამინისტროს კადრების სამსახურიდან დაადგინა იმ 35 თანამშრომლის ვინაობა, ვინც უკვე გაათავისუფლეს.
თავდაცვის სამინისტროში მთავარ პოზიციებზე ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ე.წ. კახური კლანის წევრებს ნიშნავენ. სამხედრო პოლიცია გიორგი ბუბუნაურს ჩააბარეს, რომელიც 2014 წლიდან კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო. ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა კახური კლანის კიდევ ერთ წევრს ლექსო ჭიკაიძეს გადაულოცა და თავად პრემიერად წავიდა. ბუბუნაურმა კახეთის სამხარეო პოლიციაში გიორგი გახარიას დანიშვნამდე იმუშავა.
თავდაცვის სამინისტროდან წყარო „მთავართან“ ყვება, რომ გიორგი ბუბუნაური დღეს ძალოვან უწყებაში ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი დასაყრდენია და საკადრო წმენდის ოპერაციასაც ის ხელმძღვანელობს.
სამხედრო პოლიციის გარდა, საკადრო წმენდა მიდის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დეპარტამენტის საიდუმლო სამმართველოში. თანამშრომლები, ვისაც საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდა, სამსახურიდან გაუშვეს.
კახური კლანის რეინკარნაციის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროში გათავისუფლების შემდეგ ამ კლანის ერთგულ კადრებს ნიშნავენ. ყოფილი სამხედროები, რომლებსაც თავდაცვის სამინისტრო 2012 წლის შემდეგ დაატოვებინეს, ყვებიან, რომ წმენდა დაიწყო, თუმცა არ დასრულებულა. სამხედროების ინფორმაციით, მასშტაბური გათავისუფლებებს თავდაცვაში 1 იანვრიდან ელოდებიან.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებსაც განცხადებები მოტყუებით დააწერინეს, ჩივილს სასამართლოში აპირებენ. ისინი უკვე შეხვდნენ ერთ-ერთი ავტორიტეტული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებს, რომლებიც სასამართლოში ყოფილი სამხედროების ინტერესებს დაიცავენ.