ციხიდან გამოსული ნიკა მელია, შიდაპარტიული კონსულტაციების გარდა, შეხვედრებს გეგმავს ოპოზიციასთანაც, რომელთა მთავარი თემა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის კოორდინაცია უნდა იყოს.
ასევე მთავარი განსახილველი საკითხია იქნება თუ არა ნიკა მელია, ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატი დედაქალაქში. ამ საკითხზე ოპოზიციის აზრი ორადაა გაყოფილი.
როგორც "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ საერთო ოპოზიციური კოორდინაციის პროცესი სწრაფად დაიწყოს და სწრაფადვე დასრულდეს.
"გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რომ ივნისის თვეში, ოპოზიცია, რომელის ამოცანაცაა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, უნდა ვიყოთ შეთანხმებულები კოორდინაციის ფორმაზე, ერთ კანდიდატზე შეთანხმება საკმარისი არ არის", - ამბობს ბოკერია.
რაც შეეხება "სტარატეგია აღმაშენებლის" პოზიციას, პარტია მიიჩნევს, რომ იმისათვის, რათა საერთო ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს, მნიშვნელოვანია იყოს დამატებითი კანდიდატები, სერგი ჩიხლაძის თქმით, ისინი განიხილავენ, "რომ მძლავრი ალტერნატიული კანდიდატიც იყოს - "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და სულ მცირე კიდევ ერთი ძალა"
პარტია "ლელოს" ერთ-ერთი წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობის ძალიან გამარტივება სა საერთო კანდიდატამდე დაყვანა გამართლებული არ არის. ამბობს, რომ "ეს არის ძალიან კომპლექსური დიდი ბრძოლა, რომელსაც სჭირდება კარგად დაგეგმილი სტრატეგია".
"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განმარტებით, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეინარჩუნოს ბოიკოტის რეჟიმი, საიდანაც გამოჩნდება, "ვინ ებრძვის ივანიშვილის ოლიგარქიულ ურდოს და ვინ არის მათთან გარიგებაში".
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ანზორ ბიწაძე კი ამბობს, რომ პრაქტიკამაც კარგად აჩვენა - "ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს" და ეს არის გზა ივანიშვილის დასამარცხებლად.
რაც შეეხება ნიკა მელიას დამოკიდებულებას, ამბობს რომ გადაწყვეტილებას იქამდე ვერ მიიღებს სანამ ყველა მის კოლეგას არ შეხვდება და კონსულტაციებს არ გამართავს.