ქართული ციხეები პოლიტპატიმრებით გაივსო – ოპოზიცია გახარიას პასუხობს

გამოქვეყნდა:

ევროდეპუტატ ანდრიუს კუბილიუსის მიმართ გიორგი გახარიას პასუხმა ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა. პრემიერმა დღეს კუბილიუსის კრიტიკას მკაფიო პასუხი გასცა და განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

ოპოზიცია გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდება, რის შემდეგაც რვა მარტის შეთანხმების მეორე ნაწილს, სააარჩევნო სისტემის ცვლილებას, მხარს დაუჭერს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის პარტია, საერთაშორისო პარტნიორებისა და საკუთარი მოსახლეობის კიდევ ერთხელ მოტყუებას გადაწყვეტს, ეს „ქართული ოცნებისთვის“ უმძიმესი შედეგებით დასრულდება.

რვა მარტს დადებული შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რომ ქვეყანა მძიმე პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, ამაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი. ის ხელისუფლებას დადებული პირობის შესრულებას კიდევ ერთხელ ურჩევს.

ახლა ფიქრობენ, რომ კიდევ ერთხელ მოატყუონ სტრატეგიული პარტნიორები და ქართველი ხალხი. თუ ხელისუფლება დაარღვევს რვა მარტის შეთანხმებას და არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ქვეყანაში დაიწყება უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, იმასთან ერთად, რომ ჩვენ უკვე ვართ შესული ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის შეფასებით, ქართული ციხეები პოლიტპატიმრებით გაივსო და ხელისუფლებამ ეს უნდა აღიაროს.

ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს გარეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენ ოდნავ დემოკრატიული არჩევნების პერსპექტივაზე. სხვა შემთხვევაში, ამ ხელისუფლებას მოუწევს თვითონ გადასვლა პოლიტპატიმრების ადგილზე და ეს შეიძლება მოხდეს საერთაშორისო ძალისხმევითაც, მათ შორის, – განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მარკუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საგანგებო წერილი გამოუგზავნა. ევროპელი დეპუტატი, მხარს უჭერს საქართველოში მრავლაპარტიული პარლამენტის შექმნას და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქვამს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი