
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი "ქართული ოცნებიდან" წასვლაზე ალაპარაკდა. როგორც კახიშვილი ამბობს, ის პარტიას დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ ნახავს, რომ ვიღაცის უკვე მომზადებული განცხადებას უნდა დაუჭიროს მხარი, ან "დაუწკაპუნოს"
გავალ თუ ვნახავ, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყო, რასაც მე არსებითად არ ვეთანხმები. ყველა გადაწყვეტილებას არ შეიძლება რომ დაეთანხმო, მაგრამ განხილვებში უნდა იღებდე მონაწილეობას, თუ ვნახავ, რომ განხილვებში არ ვიღებ მონაწილეობას და უბრალოდ ვიღაცას სურს, რომ უკვე მომზადებულ განცხადებას ან გადაწყვეტილებას დავუწკაპუნო და მხარი დავუჭირო, ასეთ რაღაცას მე არ გავაკეთებ, არც არასდროს გამიკეთებია და არც ახლა ვაკეთებ,- განაცხადა კახიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.
კახიშვილი, რომელიც ისნის მაჟორიტარია ამბობს, რომ საქმეების გაკეთებაში ხელს ბიუროკრატიული მანქანა უშლის. მისივე თქმით, მაჟორიტარ დეპუტატებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ, რაც მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის პროცესს აფერხებს.