ისრაელის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას თავშესაფარში შესვლა დღის განმავლობაში რამდენჯერმე უწევს.
მამუკა დავარაშვილთან 10 წუთიანი ინტერვიუს დროს ორჯერ გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალის ხმა. უსაფრთხოებით გამორჩეული ოთახი, ყველა ახალაშენებულ სახლს აქვს. ძველ შენობებთან კი შორიახლოს მდებარეობს. მსგავსი თავშესაფარი ზოგიერთ სახლს კიბის უჯრედში აქვს.
ამ დრომდე კომენდანტის საათი მოქმედებს ლოდში, სადაც სარაკეტო შეტევებზე მეტად ვითარება არაბი და ისრაელელი მოსახლეობის დაპირისპირებამ დაძაბა. წესრიგს ისევ სამხედროები აკონტროლებენ პოლიციელებთან ერთად. რთული იყო ვითარება ქალაქ ნეთანიაშიც, სადაც მოსახლეობამ შენობები და მაღაზიები დაარბია.
10 მაისის შემდეგ ყოველდღიური სარაკეტო იერიშის მიუხედავად ისრაელი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა ღამეებს თავშესაფრებში ათენებს, თუმცა დილით ყველა ისევ სამსახურში მიდის.
დღეს ისრაელში საქართველოს საელჩომ გამფრთხილებელი განცხადება გაავრცელა. დიპლომატიური მისიის ინფორმაციით სატელეფონო საკომუნიკაციო აპლიკაციებით ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა მათთან სხვადსხვა ინდექსიდან სატელეფონო ზარი შევიდეს და ეს ტერორისტული მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. ჩვენ ვკითხეთ საქართველოს მოქალაქეებს, მიიღეს თუ არა მსგავსი გზავნილები, თუმცა მათ ამის შესახებ არ სმენიათ.