საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკვლელობის გამო, გერმანიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ომია - საქართველოს ხელისუფლება კი დუმს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, გერმანიასა და რუსეთი შორის დიპლომატიური ომია. ამ დროს კი საქართველოს ხელისუფლება დუმს.

დიპლომატიური სკანდალი, რომელიც მოსკოვსა და ბერლინს შორის საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო გამწვავდა, პარიზშიც გაგრძელდება. გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან კაშირის გამო 2 რუსი დიპლომატის გაძევება მოითხოვა.

ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე, რომელიც პარიზში 9 დეკემბერს შედგება, სტრატეგიულ პარტნიორებს, ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს, მძიმე საუბარი რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო ექნებათ.

რუსეთის საელჩოს თანამშრომლები ოფიციალურმა ბერლინმა პერსონა ნონ გრატად უკვე გამოაცხადა, მიზეზი რუსული სპეცსამსახურებია, რომლებიც არ თანამშრომლობენ გერმანიასთან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიების საქმეში. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო დიპლომატიური ომია, საქართველოს ხელისუფლება ხანგოშვილის საქმეზე დუმს და განცხადებასაც კი არ აკეთებს. 

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი, 23 აგვისტოს, ბერლინის პარკში მოკლეს. ის გერმანიაში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც თბილისის ცენტრში მისი მკვლელობა სცადეს და  8 ტყვია ესროლეს. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ეს საქმე არ გამოიძია.  ხანგოშვილი იძულებული გახდა ქვეყანა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა და ევროპაში გახიზნულიყო.

ზურაბ ხანგოშვილს ეჭვი აქვს, რომ ქართული სპეცსამსახურები თავად თანამშრომლობდნენ რუს სამართალდამცველებთან, რადგან მისი აზრით, დაქირავებული მკვლელები ქვეყნიდან საგანგებოდ გააპარეს.

გერმანიის მკვეთრი და უპრეცედენტოდ მკაცრი ნაბიჯების შემდეგ ოფიციალური თბილისის პოზიციას ელოდებიან პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც.

23 აგვისტოს მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი გერმანიის პოლიციამ მალევე დააკავა. გერმანული გამოძიება ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ბოროტმოქმედებთან კავშირი აქვს. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი დამატებით ზომებს მიიღებს, თუკი მოსკოვი მკვლელობის გამოძიებაში არ ითანამშრომლებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი