თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმის სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. ზურაბ გუმბარიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, ჟურნალისტის შეკითხვას შეიძლებოდა თუ არა ივერი მელაშვილს ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიეღო პასუხობს, რომ გამორიცხულია.
"გამორიცხულია, იმ თვალსაზრისით, რომ კომისია მოდიოდა შედეგებით, ამაზე შეკითხვა ბევრი კომისიისთვის არის უხერხული. ეს სხვა საკითხია, ბევრი საკითხები ჯერ კიდევ განხილვაშია, კომისიები მუშაობენ, ასე რომ ეს პროცესი გრძელდება. რაც შეეხება იყო თუ არ იყო ჩემი შეფასება არაა სწორი, ეს კარტოგრაფებმა და ექსპერტებმა უნდა გადაწყვიტონ", - თქვა ზურაბ გუმბარიძემ.
ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, საგანგებო დავალებათა ელჩი, გელა დუმბაძე, რომელიც 2002-2005 წლებში საქართველოს საელჩოს მრჩეველი იყო აზერბაიჯანში და დელიმიტაციის სხდომებს ესწრებოდა, იგივე შეკითხვაზე პასუხობს, რომ პროცესებზე, რომელსაც ის ესწრებოდა მსგავსი რამ არ იყო.
"დაკითხვა სასამართლოზე მოხდა იმ კონტექტსში, რომ 2002-2005 წლებში ვიყავი საქართველოს საელჩოს მრჩეველი აზერბაიჯანში და ვესწრებოდი 2-3 საზღვრის დელიმიტაციის სხდომას. დინამიურად გრძელდებოდა პროცესი, ის იყო ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა ექსპერტზე. არავითარი ნიშანი იმისა, იმ პერიოდში როდესაც მე ვესწრებოდი სხდომებს არ არსებობდა, რომ ვიღაც რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა ქვეყნის საზიანოდ", - თქვა გელა დუმბაძემ.
ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.