26 წლის გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა, საქმეზე ყაზახეთში დაკავებული, მურად მეირბეკოვის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს. აისუსუ აიტპაევას თქმით, ექსტარაციის მოთხვნით, ის ყაზახეთის პრეზიდენტს, ხვალ, 17 მაისს მიმართვას.
ასელ აიტპაევას ოჯახი დარწმუნებულია, რომ 26 წლის ახალგაზრდას თავი არ მოუკლავს და მოკლეს.
"ჩემთან ჩამოსული იყვნენ პოლიციის წარმომადგენლები და ხელახალი ჩვენება მივეცი მეირბეკოვის წინააღმდეგ, ამის შემდეგ ის დააკავეს. ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
ჩემი მოთხოვნა არ შეცვლილა, მინდა, რომ მურად მეირბეკოვი საქართველში ჩამოიყვანონ და მანდ გასამართლდეს. ხვალ ყაზახეთის პრეზიდენტის სახელზე წერილი შემაქვს მეორბეკოვის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით.
მან სამი დანაშაული ჩაიდინა, ჩემი შვილი მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში, გააუპატიურა და მოკლა, ამ ყველა დანაშაულზე მან პასუხი უნდა აგოს", - თქვა აისუსუ აიტპაევა.
ასელ აიტპაევას და კი ამბობს, რომ ოჯახს კიდევ ერთი ყაზახი გოგო დაუკავშირდა, რომელსაც მურად მეირბეკოვმა საქართველოში სამსახური შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა. აინა აიტპაევას თქმით, მეირბეკოვს საქართველოში არაერთი ყაზახი გოგო ჰყავდა ჩაყვანილი და ბესო თორდუასთან ერთად შავ საქმეს აკეთებდა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ასელი აუდიოჩანაწერში სიმართლეს ამბობს. მურადმა ჩემი და მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველში.
ჩვენ დაგვიკავშირდა კიდევ ერთი ყაზახი გოგო, რომელსაც მეირბეკოვი ასევე სთავაზობდა საქართველოში ჩაყვანას, თუმცა ის არ დათანხმდა. გვინდა, რომ მან პასუხი აგოს გაუპატიურებისა და მკვლელობაზე.
რაც შეეხება ადამიანებით ვაჭრობას, ვიცი, რომ საქართველოში ეს ხდება. მურადს არაერთი ყაზახი ქალი ჰყავდა ჩამოყვანილი და ბესო თირდუასთან ერთად შავ საქმეს აკეთებდა. იმედი მაქვს, ეს გოგოები ხმას ამოიღებენ და სიმართლეს იტყვიან", - თქვა აინა აიტპაევამ.
26 წლის ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული მურად მეირბეკოვი ყაზახეთში, ქალაქ ნურ სულთანის პოლიციამ დააკავა. მეირბეკოვს პოლიცია ადამიანებით ვაჭრობას ედავება. იმ შემთხვევაში, თუ მეირბეკოვს ბრალი დაუდგინდება, ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროცედურულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.
ასელ აიტპაევას ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა, გოგონა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, იძალადა, გაყიდა, შემდეგ კი მოკლა. 26 წლის ყაზახი ქალი ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი, ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.
იხილეთ ასევე: