26 წლის ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული მურად მეირბეკოვი ყაზახეთში, ქალაქ ნურ სულთანის პოლიციამ დააკავა. საგამოძიებო უწყების ცნობით, გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადების საფუძველზე მეირბეკოვი მისსავე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით აიყვანეს. მეირბეკოვს პოლიცია ადამიანებით ვაჭრობას ედავება. იმ შემთხვევაში, თუ მეირბეკოვს ბრალი დაუდგინდება, ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მანამდე კი, მეირბეკოვს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა ქართულმა მხარემაც. საქართველოს პროკურატურა ყაზახეთის მოქალაქეს 26 წლის ასელ აიტპაევას გაუპატიურების ორ ეპიზოდს ედავება. სახელმწიფო ბრალდებამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდევის მოთხოვნით სასამართლოს გუშინ მიმართა.
ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროცედურულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.
ასელ აიტპაევას ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა, გოგონა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, იძალადა, გაყიდა, შემდეგ კი მოკლა. 26 წლის ყაზახი ქალი ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი, ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.
იხილეთ ასევე: