არ შეიძლება ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტს მსუბუქად შევხედოთ - კორძაია

გამოქვეყნდა:

დმანისში განვითარებულ მოვლენებს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, თამარ კორძაია ეხმაურება და ამბობს, რომ არსებული სიტუაცია შესაძლოა ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ამიტომ არ შეიძლება ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტს მსუბუქად შევხედოთ.

როგორც კორძაია ამბობს, დმანისში მომხდარზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლებას ეკისრება.

"არ შეიძლება მსუბუქად შევხედოთ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტებს. ძალიან დაძაბული ვითარებაა დმანისში, რომელიც მართლაც შეიძლება ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მგონია, რომ განცხადებების გაკეთებას სჯობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და საზოგადოებას კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმარონ.

ეს ერთი ნაწილია და მეორე, აუცილებელია სწორი კვალიფიკაცია და დამნაშავეების სწორად იდენტიფიცირება. კონფლიქტი დაიწყო გუშინ და კონფლიქტში დამნაშავე არიან ის ადამიანები, ვინც მაღაზიის მესაკუთრეებს მიუვარდნენ.

კონკრეტულად იქ მყოფი პოლიციელები პრობლემა არ არის. პრობლემა არის ხელმძღვანელებში, რომლებიც მითითებებს არ იძლევიან სწორად. მე ვუყურებდი, როგორ ხვდებოდათ პოლიციელებს ქვები, როგორ ცდილობდნენ თითოეული ადამიანის დაკავებასა და დაჭერას, საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება. პოლიციელი თავის გასაკეთებელს გააკეთებს ნამდვილად",-თქვა თამარ კორძაიამ.

ამ წუთებში ისევ დაძაბული ვითარებაა დმანისის ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებითა და ბიტებით დაუპირისპირდნენ, დაზიანდა ახლომდებარე მაღაზიებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი