
"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკავშილის წინააღმდეგ მიმდინარე რამდენიმე აქტიური სისიხლის სამართლის საქმის ანალიტიკური დოკუმენტი გამოაქვეყნა.
არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების სამართალწარმოება გაჭიანურებულია, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.
"ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად სხვების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში, რომელთა წარმოებაც თითქმის 7 წელია დაწყებულია, წლების განმავლობაში პრობლემად რჩება სასამართლო სხდომების გაჭიანურება, რაც ზიანს აყენებს სასამართლო სისტემის რეპუტაციას, მართლმსაჯულების ეფექტიანობას, ზოგადად, მის მიმართ საზოგადოების ნდობას. მიხეილ სააკაშვილისა და სხვათა წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის საქმეთა არსებითი განხილვის შეყოვნებები ხელს უწყობს სასამართლო პროცესის გაჭიანურებას და პოტენციურ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს სწრაფი მართლმსაჯულების უფლებაზე", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესების ეფექტური მართვა, სრულიად სასამართლოს პასუხისმგებლობაა. მათი თქმით, სასამართლო ხშირად უგულვებელყოფს დებულებების გამოყენებას, რაც პროცესის მართვას ხელს უშლის.
"სასამართლო პროცესის ეფექტური მართვა, რაც დაკავშირებულია ბრალდებულის გონივრულ ვადაში გასამართლების უფლებასთან, სრულად სასამართლოს პასუხისმგებლობის საკითხია. სისხლის სამართლის პროცესის მხარეთა დისკრეცია, გადაწყვიტონ მტკიცებულებათა რიგითობისა და მოცულობის საკითხი, როგორც ეს გაწერილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სასამართლოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, უზრუნველყოს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება. როგორც სასამართლო სხდომების მონიტორინგისა და სისხლის სამართლის საქმეების სხვა მასალების შესწავლით ირკვევა, სასამართლო ხშირად უგულვებელყოფს არსებული დებულებების გამოყენებას, რაც პროცესის მართვის ჯეროვნად განხორციელებას უშლის ხელს. ამასთან, მოსამართლეები ვერ აკონტროლებენ განრიგს და ვერ ითვალისწინებენ ბრალდებულის უფლებას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებაზე; ამის საპირისპიროდ, ისინი ეყრდნობიან ბრალდებისა და დაცვის მხარისთვის უფრო ხელსაყრელ განრიგს. აქედან გამომდინარე, პროცესის არასწორი მართვა იწვევდა და იწვევს შეყოვნებებს, რაც ნეგატიურად მოქმედებს ბრალდებულთა გონივრულ ვადაში გასამართლების უფლებაზე", - წერს HRC.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" შესაბამის რეკომენდაციებსაც აქვეყნებს: