გუნდის სურვილია, კალაძის ლიდერობით გავიმარჯვოთ არჩევნებში - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არაერთი საკითხი იქნება განხილული, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნები და მერობის კანდიდატები.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, მერობის კანდიდატებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა სურვილი აქვს, რომ დედაქალაქში მათი კანდიდატი ისევ კახი კალაძე იყოს.

"დაწყებულია კონსულტაციები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დღის წესრიგში არაერთი საკითხია, რაზეც მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარე ინფორმაციას გაგაცნობთ.

ჯერ არის ნაადრევი კანდიდატებთან კონკრეტული პოზიციების გახმოვანება ჩვენი მხრიდან, თუმცა საზოგადოებას ვპირდებით, რომ მაქსიმალურად დროულად, კამპანიის დაწყებამდე, უკვე ცნობილი იქნება თბილისის და მთელი საქართველოს მასშტაბით მერობის კანდიდატები.

რასაკვირველია, კახა კალაძე არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მერი, ის არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი და მთელი გუნდის სურვილი გახლავთ, რომ სწორედ მისი ლიდერობით გავიმარჯვებთ თვითმმართველობის არჩევნებში",- თქვა არჩილ თალაკვაძემ.

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ასევე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველი გუნდი რეგიონებში გასვლასაც აპირებს, თუმცა კონკრეტულად როდის დაიწყებენ რეგიონებში საარჩევნო კამპანიას ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება კახი კალაძის კანდიდატურას, ვოლსკი ამბობს, რომ ყველა ქალაქის მერობის კანდიდატზე "ქართული ოცნება" განცხადებას ერთობლივად გააკეთებს.

"საარჩევნო თემებთან დაკავშირებითაც იქნება მსჯელობა და ყველა საკითხთან მიმართებაში, რომელიც დღეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.

მე კალენდარულად ვერ გეტყვით, როდის ვაპირებთ სოფლებში გასვლას თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის შეხვედრებისათვის, მაგრამ ამ თემაზეც იქნება საუბარი.

კახი კალაძესთან დაკავშირებით, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია თბილისი, დედაქალაქის მერობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ ვარჩევდით, რომ ყველა მერობის კანდიდატთან ერთობლივი განცხადება გვქონდეს გაკეთებული და არ იყოს გამორჩეული ეს თემა, ვინაიდან მცდელობა თითქოს რაღაც გაურკვევლობაა დავტოვოთ წარსულში",-თქვა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მმართველ გუნდში პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს, 17 მაისს 20:00 საათზეა ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი