ჯოხები, ბეისბოლის ხელკეტები, ქვები და ფიზიკური ანგარიშსწორება - დმანისში ადგილობრივი აზერბაიჯანული თემისა და ასევე ადგილობრივი ე.წ. ეკომიგრანტების თემის წარმომადგენლები დილის 11 საათიდან ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ.
მოვლენათა ეპიცენტრმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები ისევ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. მათ მხოლოდ პოლიციელთა მცირე ჯაჭვი ჰყოფდათ, თუმცა ადგილობრივი ე.წ ეკომიგრანტების თემის წარმომადგენლებმა ეს ჯაჭვიც მალევე გაარღვიეს.
ცენტრის შემდეგ მათ პოლიციის შენობასთან დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით გადაინაცვლეს.
დმანისში მუსლიმი თემის სასულიერი ლიდერებიც ჩავიდნენ და მხარეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდეს, შსს-ს კი ვითარების დეესკალაცია მოსთხოვეს.
შსს-მ დაგვიანებული მობილიზაცია გამოაცხადა. დაპირისპირებიდან 20 საათის შემდეგ კონფლიქტის ეპიცენტრში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და სპეცრაზმი გამოჩნდა.
უწყება 2 დღიან უწყვეტ დაპირისპირებაზე ჯერ წერილობითი განცხადებით შემოიფარგლა, დღის მეორე ნახევარში კი დმანისში ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე და სუს-ის უფროსი ჩავიდნენ.
ხელისუფლებამ აღიარა რომ ქალაქში შეყვანილი დამატებითი ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა.
ქალაქის შესასვლელები შუადღეს ჩაიკეტა და დაპირისპირების ეპიცენტრის მიმართულებით აღარავის უშვებდნენ. რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა... დმანისში შესვლის მსურველებმა პოლიციელების კორდონი გაარღვიეს. დაუმორჩილებლობას კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შესასვლელთან შეკრებილები ჟურნალისტების მიმართაც აგრესიით გამოირჩეოდნენ
გამოკითხვები ისევ გრძელდება დმანისის პოლიციაში. დაპირისპირების შემდეგ გამომძიებლების შეკითხვებს ადგილობრივი აზერბაიჯანული თემისა და ადგილობრივი ე.წ ეკომიგრანტების თემის წარმომადგენლები პასუხობენ.
დაპირისპირება დმანისში გუშინ, საღმოს 5 საათზე ყოფით ნიადაგზე დაიწყო. კონფლიქტი რამდენჯერმე უკიდურესად გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაშავდა რამდენიმე პირი. როგორც შემთხვევის ადგილზე გახდა ცნობილი, მაღაზიის მეპატრონეს ლუდს ნისიად სთხოვდნენ.