ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის განხილვას, საკომიტეტო მოსმენების ფორმატში დღეიდან დაიწყებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ისევ ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ და ასევე, თავმჯდომარის მოადგილედ, ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნის მნიშვნელობაზე საუბრობენ:
"დასაწყისში ხელისუფლებას ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, მაგრამ მუშაობის შედეგად მათ თანხმობა განაცხადეს, რომ ოპოზიციური მოადგილე იყოს. არაფერი რომ არ შეიცვალოს და მხოლოდ ჟვანია გადადგეს, ცხადია, რომ პრობლემა ვერ მოიხსნება, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ჟვანია უნდა გადადგეს",- თქვა ანა ნაცვლიშვილმა
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, საარჩევნო რეფორმის შეთავაზებულ დოკუმენტში უკვე არის გარკვეული გარანტიები, რომ მომავალი არჩევნები არ გაყალბდეს.
"პირველ ეტაპზე რა ცვლილებებიც გვჭირდებოდა იმისთვის, რომ მეტნაკლები გარანტია შეგვექმნა, არჩევნების არგაყალბებისთის, ეს წინაპირობები შექმნილია შემოთავაზებულ ვარიანტში",- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
მმართველ გუნდი ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე აპელირებს და ამბობს, რომ ოპოზიცია კომისიაში მუშაობას არ თანხმდება, რადგან იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა
"არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება იყო სრულიად უსაფუძვლო და შექმნილი იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარათ გარკვეულ დესტრუქციულ ძალებსა და რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებისთვის და ჩვენი დემოკრატიისთვის. დღეს ოპოზიცია რომ უარს ამბობს, ჩაერთოს იმ ბრალდების შეფასებასა და გამოძიებაში, რომელიც მათ ჰქონდათ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება იყო აბსურდული",- განაცხადა პარლამენტის გადამდგარმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციის პარტიები, რომლებსაც არ მოუწერიათ შარლ მიშელის შეთანხმებისთვის ხელი, ამბობენ, რომ საარჩევნო კოდექსის აღნიშნული ვარიანტი სამართლიანი არჩევნების გარანტი ვერ იქნება და ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ მოადგილეების საკითხზე დათანხმება საკმარისი არ არის.
"მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ოპოზიციას კომისიაში ექნება მოადგილის თანამდებობა ეს არის დაცინვა მოსახლეობის და მეტი არაფერი. სისტემური ცვლილება უნდა მოხდეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე, ყველა იმ პროცესში, რომელი პროცედურებიც ხელს უწყობს გაყალბებას, რომელი გაყალბებითაც დაკავებულია დღევანდელი ხელისუფლება",- თქვა გიორგი ბოტკოველმა.
პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე საგამოძიებო კომისიის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ.
კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა 13 მაისს გაიმართა და კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი კი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი გახდა. კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა, თუმცა, მას ვადა პარლამენტმა ერთი თვით გაუხანგრძლივა.