ევროპული საქართველო პარლამენტში არ შედის - განცხადება პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდგ გააკეთა.
გიგა ბოკერიას თქმით, პარტიაში ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა. თუმცა, პარტიას ასათვისებელი აქვს ორი მანდატი - სავარაუდოდ ერთს გამოიყენებს ტარიელ ნაკაიძე და ამ შემთხვევაში ის "ევროპულ საქართველოს" დატოვებს, ხოლო მეორე მანდატი ელენე ხოშტარიას ეკუთვნის, რომელმაც "ევროპული საქართველო" უკვე დატოვა და პარლამენტში შესვლაზეც უარს ამბობს.
"ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვნად, პარტიის პოზიცია არის, რომ ევროპულმა საქართველომ, ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ამიტომ ევროპული საქართველო იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არ გამოიყენებს.
სამწუხაროდ, ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში განსხვავებული აზრი გვქონდა.... ჩვენ რადგან პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის ამ პარლამენტში ევროპულ საქართველოს არ წარმოადგენს",-თქვა გიგა ბოკერიამ.