ყველაფერი, რაც ჩინური "სინოვაკის" ვაქცინის შესახებ უნდა ვიცოდეთ

გამოქვეყნდა:

ჩინური "სინოვაკის" ვაქცინის 100 ათასი დოზა საქართველოში 29 აპრილს შემოვიდა

"მთავარი არხის" ვებგვერდმა "სინოვაკის" ვაქცინასთან დაკავშირებით, უცხოურ მედიაში გავრცელებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიძია.

სად და როდის შეიქმნა "სინოვაკის" ვაქცინა

"სინოვაკი" ჩინური, კერძო კომპანიაა. ცნობილია, რომ ვაქცინის ოფიციალური სახელი CoronaVac-ია, თუმცა საქართველოში "სინოვაკის" სახელით ვიცნობთ. კომპანიამ ამ ვაქცინაზე მუშაობა 2020 წლის დასაწყისიდანვე დაიწყო. გამოცდის მესამე ფაზა კი მან ინდონეზიაში, თურქეთსა და ბრაზილიაში გასული წლის ივლისში გაიარა. სწორედ ამის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ ვაქცინას საგანგებო გამოყენების უფლება მიანიჭა. კომპანია წელიწადში 300 მილიონი დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავს.

"სინოვაკი" - ტრადიციული ტექნოლოგიის ვაქცინა

ინოვაციური ("ფაიზერი", "მოდერნა") და ვექტორული ("სპუტნიკ") ვაქცინებისგან განსხვავებით, "სინოვაკის", ისევე როგორც "სინოფარმის" ვაქცინა, A ჰეპატიტის, გრიპის, ცოფისა და პოლიომიელიტის ვაქცინების მსგავსად, კლასიკური და ტრადიციული მეთოდითაა შექმნილი.

ეს მეთოდი ვაქცინების ინაქტივირებული ვირუსით დამზადებას გულისხმობს. ინაქტივირებული ვაქცინები, როგორც წესი, ისეთივე ძლიერ იმუნიტეტს არ უზრუნველყოფენ, როგორც ცოცხალი ვაქცინები.

"სინოფარმის" ვაქცინისთვის საჭიროა 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა, რაც მის ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას ბევრად მოსახერხებელს ხდის, რადგან მას არ სჭირდება მაღალი გამყინვარების მაცივრები.

გვერდითი მოვლენები

სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, "სინოვაკის", ისევე როგორც ჩინური სინოფარმის გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი მცირეა. ესენია: თავის ტკივილი, მომატებული წნევა, თავბრუსხვევა, ტკივილი და შეწითლება ნანემსრის ადგილას. ამ ვაქცინის გვერდითი ეფექტი არ არის სიცხეს, რომელიც რიგ შემთხვევებში, მის მსგავსად ტრაციციული მეთოდით შექმნილ "სინოფარმსაც" კი ახასიათებს. 

რომელი ქვეყნების მიერაა ავტორიზებული "სინოვაკის" ვაქცინა და რომელი ქვეყნები იყენებენ 

დღეისათვის, "სინოვაკის" ვაქცინა მსოფლიოს 24 ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში. სადაც ამ ვაქცინით აცრა 2021 წლის თებერვალში დაიწყო. ქვეყანამ მაშინ ვაქცინის 4 მილიონი დოზა მიიღო და მილიონზე მეტი მოქალაქე უკვე აცრილია. 

რამდენად ეფექტიანია "სინოვაკი" 

ბრაზილიაში ჩატარებული პირველი მასშტაბური კლინიკური ტესტის მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 50.65%-ია. ჩილეს უნივერსიტეტის კვლევით კი, ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 54%-ია. თურქეთის კლინიკურ ტესტებში კი ვაქცინის ეფექტიანობა 91.25%-ია. მონაცემებს შორის დიდ განსხვავებას იმით ხსნიან, რომ ბრაზილიაში ეფექტიანობა ვირუსის სიმპტომატურ და უსიმპტომო ვერსიების წინააღმდეგ გაიზომა, თურქეთში კი - მარტო სიმპტომატურის.

როდის იმსჯელებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია "სინოვაკისთვის" ავტორიზაციის მინიჭებაზე, ჯერჯერობით უცნობია. 

WHO-ს საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე, საქართველოში, "სინოკავის" ვაქცინის გამოყენებას ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შუალედური კვლევის შედეგები "სინოვაკისთვის" ძალიან კარგია.

სარედაქციო ჩასწორება: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "სინოვაკის" ვაქცინას ავტორიზაცია 1-ელ ივნისს მიანიჭა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი