გელათის მონასტერი ისევ საფრთხეშია - ტაძარში არსებული მაღალი ტენიანობის გამო, მე-16 საუკუნის ისტორიული ფრესკის ნაწილი ჩამოიშალა და უნიკალური მხატვრობის მთლიანობა დაირღვა.
მონასტრის მესანთლე ამბობს, რომ მაღალი ტენიანობის გამო, ფრესკების დაზიანებას მუდმივი ხასიათი აქვს, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან, ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
ადგილზე არ ჩასულან არც ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბის ზარალი და ზიანი მიადგა მონასტერს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მომხდარს და სააგენტოს მხრიდან მომხდარის იგნორირებას ინსტიტუციურ ვანდალიზმს უწოდებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები უკვე თვეებია საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები წლების წინ დაიწყო. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ტაძარში წყალი ჩაედინებოდა. მეორე იერუსალიმად წოდებულ ტაძარში წყლის ჩასვლისა და ფრესკების ჩარეცხვის შემდეგ, მონასტერი დროებითი, თუნუქის ფირფიტებით გადახურეს.