
გლდანში მომხდარი დაჭრისთვის პროკურატურამ ბრალდებულს ბრალი წარუდგინა. გამოძიების თანახმად, 17 მაისს გლდანში ბრალდებულმა, ყოველგვარი მოტივის გარეშე, "ხულიგნური ქვენა გრძნობით" ახალგაზრდა ბიჭს დანით განზრახ სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
"სამართალდამცველებმა ლ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობაზე სასამართლოს მიმართა. ამასთან, ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესასწავლად ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება, საქმეზე გამოძიება გრძელდება.