
დაკითხვების სერია დიდუბის პოლიციაში. "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად ჩაწერა 26 წლის ყაზახი ქალის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი აიდოს შარმენდენოვი, რომელიც იმ კომპანიის მფლობელია, რომელშიც გარდაცვლილი ასელ აიტპაევა და მურად მეირბეკოვი მუშაობდნენ.
"ყაზავტოტრანსი" ოფიციალურად მანქანების გადაზიდვით იყო დაკავებული, თუმცა ოჯახი ეჭვობს, რომ კომპანია ადამიანებით ვაჭრობის სქემაში იყო ჩართული, რომლის მსხვერლიც გახდა 26 წლის ყაზახი ქალი.
"მთავარის" კითხვაზე, იყო თუ არა "ყაზავტოტრანსი" ჩართული ადამიანებით ვაჭრობის სქემაში, პოლიციის განყოფილებაში საგანგებოდ ჩვენების მისაცემად ჩამოსულ იშაირმენდენოვი ფაქტს არ უარყოფს.
ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროცედურულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.
ასელ აიტპაევას ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა, გოგონა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, იძალადა, გაყიდა, შემდეგ კი მოკლა. 26 წლის ყაზახი ქალი ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი, ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.