ტატუს გაკეთების შემდეგ, კაცი ოკეანეში შევიდა და ორ თვეში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

2017 წელს, 31 წლის მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მექსიკის ყურეში ცურვისას ხორცის მჭამელი ბაქტერია შეეყარა. გარდაცვლილს მარჯვენა ფეხზე ტატუ ახალი გაკეთებული ჰქონდა და მას ურჩიეს, რომ ოკეანეში ცურვისაგან თავი მინიმუმ ორი კვირა შეეკავებინა, თუმცა, მან ეს რჩევა არ გაითვალისწინა.

როგორც British Medical Journal Case Reports-შია ნათქვამი, მამაკაცი სიცოცხლისთვის საშიში პათოგენით Vibrio vulnificus დაინფიცირდა. ის ქოლერას მონათესავეა და ამ ბაქტერიით დაინფიცირებული ჭრილობა 25%-ით მომაკვდინებელია.

ცურვის შემდეგ, მამაკაცს სიცხემ აუწია და კანკალი დაეწყო. მისი ტატუს გარშემო გამონაყარი გაჩნდა და სიმპტომები ორ დღეში გაუარესდა. ავადმყოფი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში. საავადმყოფოში თერაპიის მიმდინარეობისას, მისი ფეხი იასამნისფერი გახდა. მარჯვენა წვივის უკანა ნაწილზე, სადაც ტატუ ჰქონდა გაკეთებული, ინფექციამ ღრმა ჭრილობები გააჩინა.

ექიმებმა ავადმყოფის მოყვანისთანავე V. vulnificus იეჭვეს, თუმცა, მისი საავადმყოფოში მოთავსებიდან 24 საათში, სეპტიკურ შოკთან მებრძოლი კაცი აპარატზე შეაერთეს. ინფექციამ იმუნური სისტემა გაანადგურა და ორგანოები ძლივსღა ფუნქციონირებდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის მდგომარეობა რამდენიმე კვირის შემდეგ გაუმჯობესდა, ორგანიზმზე მიყენებული ზიანი იმდენად მწვავე იყო, რომ ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ორ თვეში გარდაიცვალა.

ბაქტერია ორგანიზმში მხოლოდ გაჭრილი კანიდან არ აღწევს. ის შეიძლება ინფიცირებული უმი თევზის ჭამითაც შეიჭრას სხეულში. საუკეთესო შემთხვევაში, ინფექციას ანტიბიოტიკებით მარტივად მკურნალობენ, თუმცა, ამის მსგავს უკიდურეს სცენარში, ორგანიზმში სეფსისი ვითარდება. სეფსისი სხეულს აიძულებს, რომ პათოგენების წინააღმდეგ გამართულ სასტიკ ბრძოლაში საკუთარ თავს დაესხას.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი