საქართველოში გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა საქმეში ომბუდსმენის ჩართვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 26 წლის ყაზახი გოგოს დედა აისუ აიტპავეა სახალხო დამცველს მიმართავს და სთხოვს, რომ საქმის განხილვაში ჩაერთოს. ოჯახი ქართული მხარისგან ამ დრომდე ითხოვს ბრალდებული მურად მეირბეკოვის ექსტრადირებას და საქართველოში გასამართლებას.

"მინდა მივმართო საქართველოს სახალხო დამცველს და ვთხოვო, რომ საქმის განხილვაში ჩაერთოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლია, ის ჯერ გააუპატიურეს, გაყიდეს და მერე სასტიკად მოკლეს. მინდა, რომ ყაზახმა და ქართველმა სამართალდამცავებმა სამართალი მაპოვნინონ. 

ყაზახეთში პოლიციას ორმა ქალმაც მიმართა, რომლებიც ამბობენ, რომ მეირბეკოვი მათაც სთავაზობდა საქართველოში წაყვანას და დასაქმებას, გამოდის, რომ ისინი სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს", -  ამბობს გარდაცვლილის დედა, აისუ აიტპაევა.

საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ ბესიკ თოდრუას დღეს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხავენ. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთიდან ჩამოსულმა საგამოძიებო ჯგუფმა მეორე დღეა საქმეზე მტკიცებულებების შეგროვება დაიწყო. 

ასელ აიტპაევას საქმე

ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროცედურულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.

ასელ აიტპაევას ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა, გოგონა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, იძალადა, გაყიდა, შემდეგ კი მოკლა. 26 წლის ყაზახი ქალი ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი, ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი