კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გელათში ფრესკები წებოვანი ლენტებით არის დამაგრებული. მან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ყველაფერჩიკობაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის არაკვალიფიციურია.
"მე პირადად, ალბათ ბატონი ნიკა ბრძანდება, ის ყველაფერჩიკია და ესეც იცის, მაგრამ მე არ ვარ ასეთი. მე როდესაც ვნახე, მის მიერ გამოქვეყნებული გელათის დამცინავი პოსტი, ფერწერის სპეციალისტებსა და ხელოვნებათმცოდნეებს ვკითხე და ისინი თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად მისი პოსტის გამო. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ეს არ არის წებოვანი ლენტები, ეს არის სპეციალური მასალა. მესმის, რომ ბატონი ნიკა გვარამია ჩემსავით არაკვალიფიციურია, მაგრამ მე როდესაც არ ვიცი, ვეკითხები სპეციალისტს, ის არავის არაფერს ეკითხება და მოეჩვენა, რომ ეს არის სკოჩი. აღმოჩნდა, რომ არ არის სკოჩი, ეს არის სპეციალური მასალა, იმიტომ რომ ფრესკა, სწორედ ნიკა გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის, 2008 წლიდან, იყო ექსპერიმენტების მსხვერპლი, ზოგიერთი ნაწილი არის მძიმე მდგომარეობაში.
თურმე როგორც სპეციალისტები ამბობენ, ისიც კი გვითხრეს, რომ სანამ რამეს გვეტყვიან გაიკითხეთო, ეს არის სპეციალური მასალა, იმისთვის რომ როდესაც გამომარილებისა და გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს ნაწილაკები კედელს არ მოშორდეს და არ მოწყდეს",- თქვა წულუკიანმა.
წულუკიანმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდება გააჟღერა. მან თქვა, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ხელისუფლებაშო ყოფნის დროს 4 ნახატი მუზეუმიდან ჯერ სამინისტროში გადავიდა, შემდეგ კი ჩეხეთში გავიდა.
"ნიკა გვარამიას ამის შესახებ "ფეისბუქზე" არაფერი დაუწერია, ალბათ იმიტომ, რომ მაშინ "ფეისბუქი" არ არსებობდა, ან მან არ იცოდა ჯერ "ფეისბუქის" ხმარება", - თქვა მან.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დღეს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ კომპეტენტურ ორგანოებთან კომუნიკაციის მიუხედავად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არხმა პასუხი ვერ მიიღო.
ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ "ჩვენ რესტავრაციის სპეციალისტები არ ვართ და მსგავს ფაქტებში ექსპერტიზა და საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია".