შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტით გათვალისწინებული საარჩევნო კოდექსის განხილვა, საპარლამნტო კომიტეტებში ხვალიდან დაიწყება. დღეს, 20 მაისს კი ცვლილებების საბოლოო ვარიანტი, ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნებს არა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, არამედ ახალი ადმინისტრაცია ჩაატარებს. როგორც "ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, თუ ოპოზიცია შესაძლებლობას სრულად გამოიყენებს, ეს არჩევნებში ახალი ტიპის სტანდარტი იქნება.
"თამარ ჟვანია არჩევნებს ვერ ჩაატარებს. არჩევნებს ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ საოლქო კომისიებში, საუბნო კომისიებში, ყველგან დამატებით, 8 ოპოზიციონერი გვეყოლება, ცესკოში 10 ახალი წევრი იქნება, ეს არის რადიკალური ცვლილება. ჩვენი სურვილი იქნებოდა, თუმცა ეს არ არის შარლ მიშელის დოკუმენტში, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან ცესკოში, მათ შორის თავმჯდომარეს, გაევლო იგივე პროცესი, როგორიც გაწერილია, შარლ მიშელის დოკუმენტით ახალი წევრების არჩევისთვის.
თუ ეს შესაძლებლობა ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა სრულად გამოვიყენებთ, ეს იქნება ახალი ტიპის და ახალი სტანდარტის არჩევნები",- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ საბოლოო დოკუმენტში საუბარი ამბიციურ საარჩევნო რეფორმებსაც შეეხებოდა. მათ შორის საუბარი იყო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესზეც.