
"ქართული ოცნება" ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
მისი თქმით, ამ შეთანხმებით ორივე მხარემ აიღო კონკრეტული ვალდებულებები, რომ არჩევნები 2020 წელს ჩატარდებოდა ახალი სისტემით. როგორც თალაკვაძე ამბობს, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება არ აპირებს და თუ ეს მოხდა, მხოლოდ "რადიკალური ოპოზიციის" მცდელობის შედეგი იქნება.
ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, რომ თითქოს მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუკი ასეთი მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, რადგან ქართული ოცნება არის მოწოდებული შეასრულოს 8 მარტის შეთანხება, - აცხადებს თალაკვაძე.
პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით კი თალაკვაძე ამბობს, რომ ქვეყანას ასეთი პატიმრები არ ჰყავს და ის პირები, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს, მძიმე დანაშაულებების გამო არიან მსჯავრდებული. მისი განცხადებით, ოპოზიცია საკითხით მანიპულირებს, იმის მიუხედავად, რომ არც ერთ შეხვედრაზე ოპოზიციის პატიმარი ლიდერების გათავისუფლების შესახებ მმართველი გუნდისგან თანხმობა არ ყოფილა.
საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებლ კონსტიტუციურ ელემენტს მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებებში ბრალდებული სამი პირი. ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა.
მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საკითხი ოპოზიციის მხრიდან ოთხივე შეხვედრაზე გაჟღერდა, მათ მიიღეს მკაფიო პასუხი, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერ გახდებოდა შეთანხმების საგანი, - განაცხადა თალაკვაძემ.